ეკა სეფაშვილი „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

ეკა სეფაშვილმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საკითხის გადაწყვეტის მექანიზმები, თუ რეკომენდაციები, რომელსაც კომისია შეიმუშავებს, უნდა იყოს მიმართული მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის დაცვისკენ, რათა ყველას ჰქონდეს სამართლიანი, თანაბარი პირობები ბაზარზე ოპერირების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სათანადო დონეზე უნდა იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები.

„მივესალმები აღნიშნული კომისიის შექმნას. მოლოდინები, რა თქმა უნდა, არის როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მოსახლეობის მხრიდან. ვფიქრობ, პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ჩვენი კვლევა წარიმართოს იქითკენ, რომ დავადგინოთ ფასწარმოქმნის მექანიზმები და ამ მექანიზმებში რამდენად არის დაცული სამართლიანი კონკურენციის პირობები.

გადაწყვეტის მექანიზმები, თუ რეკომენდაციები, რომელსაც შევიმუშავებთ, უნდა იყოს მიმართული მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის დაცვისკენ, რათა ყველას ჰქონდეს სამართლიანი, თანაბარი პირობები ბაზარზე ოპერირების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სათანადო დონეზე უნდა იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები.

ესაა, ჩემი აზრით, ამოსავალი წერტილი. ჩვენი კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი უნდა იყოს სამართლებრივი ჩარჩოსათვის რეკომენდაციების შემუშავება, ჩარჩო კი შემდგომში უნდა გარდაიქმნას კანონად, რაც იქნება იმის გარანტი, რომ მომავალში არასამართლიანი ფასწარმოქმნისაგან თავი დავიზღვიოთ ნებისმიერი დარგის ნებისმიერი მიმართულებით, რათა ასეთი არასამართლიანი ფასწარმოქმნა, რომელიც ბაზრის ობიექტურ პირობებს არ პასუხობს, თავიდან ავიცილოთ. ეს უნდა იყოს მოსახლეობისთვის ერთგვარი პრევენცია და დაზღვევა, რათა საზოგადოების კეთილდღეობის დონე შეესაბამებოდეს იმ ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის უპრეცენდენტო განვითარებას, რასაც საქართველო ახლა განიცდის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობებში. სწორედ ამას ვაზღვევთ ასე გაერთიანებულად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ვიწყებთ მუშაობას ასეთ კონკრეტულ საკითხებზე, რაც ეხება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას. ჩვენ აღარ ვიგერიებთ იმ უაზრო სლოგანებს, იარლიყებსა და რევოლუციის უკვე მერამდენე მცდელობას, რაშიც იხარჯება ჩვენი დრო და ენერგია, იმის მაგივრად, რომ რეალურად ქვეყნის განვითარებისაკენ მიმართულ საკითხებზე გვემუშავა და გვეზრუნა მოსახლეობის უფლებების დაცვაზე. იმის ნაცვლად, რომ სწორედ მსგავს საკითხებზე იყოს ჩვენი მუშაობა კონცენტრირებული, ამდენი ხანი ვუნდებოდით რევოლუციების, მცდარი სლოგანების, იარლიყების მოწებების და სხვა ათასგვარი მავნებლობის მოგერიებას. ეს ყველაფერი მიმართული იყო არა მარტო პოლიტიკური გადატრიალებისკენ, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინააღმდეგადაც. ამიტომ, ბევრი ასპექტის გათვალისწინებით, ძალიან მისასალმებელია ამ კომისიის შექმნა და, ვფიქრობ, რომ ყველა მხარე კონსტრუქციულად იქნება მუშაობაში ჩართული. ვგულისხმობ როგორც საპარლამენტო პარტიებსა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე ბიზნეს აქტორებს, რომლებთანაც გვექნება შეკითხვები და გარკვეული დიალოგი, რათა ობიექტურად დავადგინოთ ის ფაქტორები, რომლებიც შეიძლება იყოს პრობლემატური სამართლიანი ფასწარმოქმნის პირობებისათვის,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღესვე, პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო, რომ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” კვოტით „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიაში” წარმოდგენილნი იქნებიან: დიმიტრი ხუნდაძე, ეკა სეფაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები