პრემიერი: საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ არჩევნებში ჩარევის კონკრეტული მაგალითები, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში

საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ არჩევნებში ჩარევის კონკრეტული მაგალითები, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველო იყო ძალიან იშვიათი გამონაკლისი ქვეყანა, რომელიც იმ პრობლემებზე საუბრობდა, რაც ევროკავშირშია შექმნილი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის კრიტიკას შეეხებოდა ევროკომისიის მიმართ – სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ყველამ უნდა სცეს პატივი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას.

„ჩვენ, საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ ჩარევის კონკრეტული მაგალითები. მათ შორის, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ევროკავშირის ელჩის პირდაპირი გამოსვლა და მოწოდება ქართველი ხალხის მიმართ, რომ მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამაზე უხეში და პირდაპირი ჩარევა ალბათ ძნელი წარმოსადგენია. რაც არის ასახული ამერიკულ დოკუმენტებში, ეს ჩვენი თვალით ვიხილეთ საქართველოს მაგალითზე. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. იყო ძალიან მარტივი კოორდინირებული მექანიზმი, რაც მიმართული იყო საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. გახსოვთ, რომ ევროკავშირის კონკრეტული წარმომადგენელი პირდაპირ გამოვიდა და მხარი დაუჭირა დამხობის გამოცხადებულ მცდელობას. ეს ყველაფერი არის კოორდინირებული ნაბიჯები. როდესაც ასეთ სქემებში ჩართულები არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ დამშვიდდეს ჩვენი სისტემა, დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა და შედგეს ძალიან ჯანსაღი დემოკრატიული წესრიგი. საბოლოოდ, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში. მაშინ ჩვენ ვიყავით მარტო, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით თითქმის, თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის წევრ ერთ-ორ ქვეყანას, ასევე მსოფლიო მასშტაბით, დამატებით, შეიძლება ერთი – ორი ქვეყანა იყო. საქართველო იყო ძალიან იშვიათი გამონაკლისი, რომელიც საუბრობდა იმ პრობლემებზე, რაც არის შექმნილი ევროკავშირში, მათ შორის დემოკრატიის უკუსვლის კუთხით, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ა.შ. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ამერიკულმა დოკუმენტებმა რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია,“- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები