შეხვედრები, რომლებიც გვქონდა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ქვეყნის კავშირები სხვადასხვა მიმართულებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ფორმატი ინვესტორებთან მუშაობის შესაძლებლობასაც იძლევა.
„დუბაის სამიტი იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. განვიხილავთ პოლიტიკურ საკითხებსაც და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ ფორმატში ეკონომიკურ თანამშრომლობას. მქონდა გამოსვლა პლენარულ ფორმატში, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში. ყველგან მქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, როგორია ეკონომიკური ტენდენციები, რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს გარშემო შექმნილი. რა თქმა უნდა, ასეთ თემებზე გვქონდა საუბარი ორმხრივ ფორმატშიც. აქაც გვქონდა საშუალება, რომ არაერთი ქვეყნის ლიდერთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან გვესაუბრა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მთლიანობაში, არის ძალიან საინტერესო ფორმატი და ვფიქრობთ, რომ ის შეხვედრები, რომლებიც გვქონდა ამ სამიტზე, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ქვეყნის კავშირები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინვესტორებთან მუშაობის შესაძლებლობასაც გვაძლევს ეს ფორმატი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.