აჩიკო ბერიძე: საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ცა ყოფილიყო მშვიდი, რომ ქვეყანა არ აჰყოლოდა იმ პროვოკაციებს, რომლებიც მოდიოდა როგორც ზოგიერთი ევრობიუროკრატისგან, ასევე შიდა ძალებისგან

“საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ცა ყოფილიყო მშვიდი, რომ ქვეყანა არ აჰყოლოდა იმ პროვოკაციებს, რომლებიც მოდიოდა როგორც ზოგიერთი ევრობიუროკრატისგან, ასევე შიდა ძალებისგან, რომელთაც სურდათ საქართველო ჩართულიყო რუსეთ–უკრაინის კონფლიქტში”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აჩიკო ბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის თუ რა შეიძლება მოყოლოდა არასწორ ნაბიჯებს.

„ჩვენ ხშირად ვსვამთ კითხვას — თუ, რამ გადაარჩინა საქართველო? რამ მოგვიყვანა დღემდე? როგორ გაუძლო ამ პატარა ერმა საუკუნეების განმავლობაში ამდენ ქარტეხილს, შემოტევას, ომსა და ზეწოლას? როგორ მოახერხა საქართველომ, რომ 21-ე საუკუნეში, მაშინ როდესაც რუკებიდან გაქრა მრავალი, დიდი თუ პატარა, სახელმწიფო, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჩვენი ისტორიის წერას. ამ კითხვაზე პასუხი არის ჩვენს იდენტობაში, სარწმუნოებაში. ჩვენს დედა ეკლესიაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა და აერთიანებს ქართველ ერს. პასუხი არის იმ სახელმწიფოებრივ სიბრძნეში, რომლის საფუძველზეც ჩვენი მეფეები და ხელისუფალნი, ქართველი ხალხის თანადგომით, ყველაზე მძიმე პერიოდებში ირჩევდნენ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ, ხშირად მტკივნეულ, თუმცა ერთადერთ სწორ გზას.

სწორედ, ამ ისტორიული გამოცდილების გაგრძელებაა ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენი გუნდი ახორციელებს მაშინ, როდესაც მსოფლიო დგას უმძიმესი გეოპოლიტიკური რყევების წინაშე, როდესაც საერთაშორისო სამართალი ფაქტობრივად გაუქმებულია, როდესაც დემოკრატიის იდეა ჩანაცვლებულია ძალის პრინციპით — ვისაც მეტი ძალა აქვს, ის წყვეტს ყველაფერს — ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ყველაზე მთავარი: შეინარჩუნა მშვიდობა!

საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ცა ყოფილიყო მშვიდი, რომ ქვეყანა არ აყოლოდა იმ პროვოკაციებს, რომლებიც მოდიოდა როგორც ზოგიერთი ევრობიუროკრატისგან, ასევე შიდა ძალებისგან, რომელთაც სურდათ საქართველო ჩართულიყო რუსეთ–უკრაინის კონფლიქტში. ყველას კარგად გვესმის, თუ რამდენად ძვირი შეიძლებოდა დაჯდომოდა ჩვენს ქვეყანას ერთი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ერთი არასწორი ნაბიჯიც კი”,- განაცხადა ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები