რატი იონათამიშვილი: ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი შესაძლებლობის დროს, ჩვენ პირველ რიგში ვუსმენთ და ვიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების აზრს და არა სხვადასხვა ქვეყნების ბიუროკრატების მოსაზრებებს
“26 იანვარს, გაერო-ს ჟენევის შტაბ-ბინაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეოთხე ციკლის ანგარიში გაიმართა, რომლის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ყველა სახელმწიფო უწყებამ, ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა. დისკუსიის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ როდესაც ზურგს გიმაგრებს სამართლიანი, მყარი და ობიექტური არგუმენტები – შენ ყოველთვის გაქვს უპირატესობა და კრიტიკულად განწყობილი მხარე ამ შემთხვევაში ნამდვილად იჩაგრება”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი შესაძლებლობის დროს, მთავარი ქართველი ხალხის მოსაზრებებია.
„ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა და ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს და ასახული არის საერთაშორისო ობიექტურ ინდექსებში – ეს იქნება კორუფციისგან თავისუფალი შეფასება, კანონის უზენაესობა, საკუთრების დაცვა თუ სხვა. ამავდროულად, იმ ცალკეულ ქვეყნებს, რომლებმაც სცადეს, ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი გაემეორებინათ – მათ მოუწიათ კიდევ ერთხელ მოესმინათ სტრასბურგის სასამართლოს იმ 100-ზე მეტი ვერდიქტის შესახებ, რომელსაც გასამართლებული ჰყავს „ნაციონალური მოძრაობა“.
რაც შეეხება თვითონ იმ რეკომენდაციებს, რომელიც იქნება UPR-ის ფარგლებში გამოთქმული, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიცია აქამდე იყო, რომ ვიზიარებდით ყველა რეკომენდაციას, გარდა იმ რეკომენდაციებისა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგებოდა. ამას ასევე დაემატება უარი ისეთ რეკომენდაციებზე, რომელიც არ მოვა თანხვედრაში ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან და შესაბამისად, მხოლოდ ამ ფილტრით იქნება გაზიარებული ნებისმიერი ის რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის იქნება საინტერესო, ვინაიდან ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი შესაძლებლობის დროს, ჩვენ პირველ რიგში ვუსმენთ და ვიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების აზრს და არა სხვადასხვა ქვეყნების ბიუროკრატების მოსაზრებებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.