დიმიტრი ხუნდაძე: ახლად არჩეულ საკრებულოებს და მერებს მეტი დამოუკიდებლობა უნდა მიეცეთ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება და გადაწყვეტილებების ადგილზე მიღება რეგიონული განვითარების დაჩქარებისთვის აუცილებელია. მისი თქმით, ახლად არჩეულ წარმომადგენლებს ნდობა გამოუცხადა საზოგადოებამ და ეს ნდობა მმართველობაშიც უნდა აისახოს.

„კორუფციას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ არა ისე, რომ ჭარბი შიშით ადგილებზე საქმის კეთება შევაფერხოთ,” — განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ რეგიონებში მიმდინარე პროცესები ხშირად ჭიანურდება, რაც დამატებით ბარიერებს ქმნის. ხუნდაძე მიესალმება მთავრობის მიერ კორუფციასთან ბრძოლის პრიორიტეტად გამოცხადებას, თუმცა ხაზს უსვამს, რომ სწორი საკადრო პოლიტიკა მნიშვნელოვანია, რათა რისკების შემცირებასთან ერთად ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღება არ შეფერხდეს.

„ახლად არჩეულ საკრებულოებს და მერებს მეტი დამოუკიდებლობა უნდა მივცეთ და მათი მისაღები გადაწყვეტილებები სადღაც სხვაგან არ უნდა მიიღებოდეს. მათ ენდო ხალხი და უნდა ვენდობოდეთ ჩვენც. თუმცა, თუ გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებენ, არჩეულების გადარჩევის მექანიზმებიც არსებობს. რეგიონებში საქმეები იწელება და ფერხდება. კარგია, რომ მთავრობამ კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა და სამწუხარო შედეგებიც სახეზე გვაქვს. სწორი საკადრო პოლიტიკა ამ რისკებსაც, ვფიქრობ, ყველაზე უკეთ დააზღვევს. მაგრამ კორუფციასთან ბრძოლა არ უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ჭარბი შიშით გადაწყევილების მიმღებებმა გადაწყვეტილების მიღებაზე თქვან უარი.

ყველა საკითხზე ერთ განცხადებაში საუბარი რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველო ბევრი და მრავალი გამოწვევების წინაშე დგას და ზოგი მათგანი სასიცოცხლოდ სახიფათოც კია. სწორედ ამიტომ, საჭიროა სიფრთხილეც, საჭიროა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაც და საჭიროა კრიტიკაც, რასაც მხარდაჭერასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, წინააღმდეგობაც მოჰყვება ჩვენგან,” — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები