ზაქარია წიკლაური: წარმოუდგენელია, თბილისში გვქონდეს საქართველოს მტრის, ლევან ღოღობერიძის ქუჩა და არ გვქონდეს სამშობლოსთვის თავდადებული არაერთი გმირის სახელობის ქუჩა, რომელთა შორის არის ეროვნული გმირი, წმინდა ამბროსი ხელაიაც

შემოვდივარ წინადადებით, გადაერქვას სახელი ლევან ღოღობერიძის ქუჩას და მის ნაცვლად მიენიჭოს იმ პიროვნების სახელი, ვინც ნამდვილად განასახიერებს ქართულ ღირსებას, ეროვნულ ცნობიერებასა და შთაგონებას აძლევს მომავალ თაობებს, – განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა და დასძინა, რომ აუცილებელია თბილისში იყოს ამბროსი ხელაიას სახელობის ქუჩა.

დეპუტატის თქმით, მისი ინიციატივა მხოლოდ ქუჩისთვის სახელის შეცვლას არ ნიშნავს. რადგან ეს იქნება ისტორიული სიმართლის აღდგენა, ეროვნული თვითშეგნების დაცვა და იმ ფასეულობების განმტკიცება, რომლებზეც დგას და უნდა იდგეს ქართული სახელმწიფო.

„პატივცემულო კოლეგებო, ჩემი დღევანდელი გამოსვლა მინდა დავიწყო სიტყვებით, რომელიც ყველასთვის ნაცნობია და წესით ყველა ქართველისთვის ძვირფასი უნდა იყოს! „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – სამშობლოს, სხეულს კი რაც გინდათ, ის უყავით“, – ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საქართველოს ეროვნულ გმირს, წმინდა აღმსარებელს ამბროსი ხელაიას ეკუთვნის.

ეს სიტყვები მან წარმოთქვა 1923 წლის ნოემბერში, როდესაც იგი ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გამოკეტეს გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციისადმი გაგზავნილი წერილის გამო. ამ წერილში წმინდა ამბროსი ხელაია დახმარებას სთხოვდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია რუსეთის საოკუპაციო ჯარს და საშუალება მისცემოდა ქართველ ერს, დამოუკიდებლად მოეწყო „თავისი ცხოვრება ისე, როგორც მას უნდა“.

ამ წერილის გამო ამბროსი ხელაიას ბოლშევიკურმა რეჟიმმა 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამბროსი ხელაია მანამდეც, მეფის რუსეთის პერიოდშიც არაერთხელ იყო გასამართლებული და გადასახლებული რუსეთის სხვადასხვა პროვინციებში ეროვნული ინტერესების დაცვის გამო.

პარადოქსია, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, თბილისში არ გვაქვს საქართველოს ეროვნული გმირის და წმინდანის, ამბროსი ხელაიას სახელობის ქუჩა, მაშინ როცა ზემო ფონიჭალაში გვაქვს ქუჩა, რომელიც ლევან ღოღობერიძის სახელს ატარებს.

იმ დროს, როდესაც ამბროსი ხელაია ეროვნული ინტერესების დაცვის გამო დააპატიმრეს და აწამეს, საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო ლევან ღოღობერიძე (1923-24 წლები), ადამიანი, რომელიც იყო ბოლშევიკური რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და რომელსაც მრავალი უდანაშაულო და პატრიოტი ადამიანის სისხლში აქვს ხელები გასვრილი.

კერძოდ, 1920 წელს, როცა ლევან ღოღობერიძე ბაქოს რევკომის თავმჯდომარე იყო, იგი ალიჰეიდარ გარაევთან ერთად ხელმძღვანელობდა ყუბას რაიონში აჯანყების ჩახშობას, რომლის დროსაც 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრი, მიხეილ მჭედლიშვილი თავის ნაშრომში „საქართველო ბოროტების იმპერიის 500 წლოვან მარწუხებში“, წერს, რომ სწორედ ლევან ღოღობერიძე იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და შემზარავი დანაშაულის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ლაპარაკია 1924 წლის 30 აგვისტოს, შორაპნის მაზრაში, სოფელ არგვეთასთან მომხდარ ტრაგედიაზე, როდესაც ჩეკისტებმა ტყვიამფრქვევებით დახვრიტეს 5 ვაგონში გამოკეტილი რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელთა უმეტესობა დასავლეთ საქართველოს ინტელიგენცია იყო.

უფრო მეტიც, 1925–1926 წლებში ბოლშევიკებმა ლევან ღოღობერიძე პარიზში მიავლინეს, რათა მოეხდინა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის დაშლა და დისკრედიტაცია, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1926–1930 წლებში, ზედამხედველობას უწევდა თავადაზნაურობისა და კულაკების – მდიდარი გლეხობის, დარბევისა და დახვრეტის ოპერაციებს. ის პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოში თავად-აზნაურობის რაოდენობა პროცენტულად მსოფლიოში ყველაზე მაღალ ციფრს – 6%-ს აღწევდა და თავის პირად მიზნად ისახავდა მათ განადგურებას. მისი სიტყვებია: “ჩვენ უნდა შევამციროთ საქართველოში თავად-აზნაურობის პროცენტი. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი საბჭოთა ბოლშევიკური იარაღი არ ბლაგვდება და არ ტყდება!“

დამეთანხმებით, რომ წარმოუდგენელია, საქართველოს მტრის და სისხლიანი ბოლშევიკური რეპრესიების ერთ-ერთი ავტორის, ლევან ღოღობერიძის სახელობის ქუჩა გვაქვს თბილისში და ამ დროს არ გვაქვს სამშობლოსთვის თავდადებული არაერთი გმირის სახელობის ქუჩა, რომელთა შორის არის საქართველოს ეროვნული გმირი, წმინდა ამბროსი ხელაიაც.

ფრაქცია „ხალხის ძალის“ სახელით, შემოვდივარ წინადადებით, გადაერქვას სახელი ლევან ღოღობერიძის ქუჩას და მის ნაცვლად მიენიჭოს იმ პიროვნების სახელი, ვინც ნამდვილად განასახიერებს ქართულ ღირსებას, ეროვნულ ცნობიერებასა და შთაგონებას აძლევს მომავალ თაობებს.

ეს ინიციატივა მხოლოდ სახელის შეცვლას არ ნიშნავს. ეს არის ისტორიული სიმართლის აღდგენა, ეროვნული თვითშეგნების დაცვა და იმ ფასეულობების განმტკიცება, რომლებზეც დგას და უნდა იდგეს ქართული სახელმწიფო,“ – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები