შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, რომ ხდება გრანტის გამოყენება საქართველოზე მავნე ზემოქმედებისთვის – ვინ ეკითხება ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე, ვინმეს აქ პოლიტიკის დაფინანსება

“ფაქტია, რომ ხდება გრანტის გამოყენება საქართველოზე მავნე ზემოქმედებისთვის – ვინ ეკითხება ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე, ვინმეს აქ პოლიტიკის დაფინანსება,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, „გრანტების კანონზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში თუ ხარჯავ პოლიტიკური შინაარსის მქონე ფულს, კეთილი ინებე და ქართველ ხალხს ჰკითხე.

„აქ მთავარი პრინციპი არის, რომ საქართველოში თუ ხარჯავ პოლიტიკური შინაარსის მქონე ფულს, კეთილი ინებე და ქართველ ხალხს ჰკითხე. ჩვენ არ ვართ აქ არავის კოლონია, რომ ჩამოგვადგნენ აქ და თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი. ეს იგივეა ოჯახში ფეხით შეაღო კარები, შეხვიდე და დაუწყო გინდა თუ არა ეს ავეჯი აქეთ უნდა დავდგა და ეს იქით უნდა გადავდგა. ვინ ეკითხება ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე, ვინმეს აქ პოლიტიკის დაფინანსება.
რაც შეეხება შეზღუდვას მათთვის, ვინც დასაქმებული იყო ორგანიზაციაში, რომელიც უცხო ძალისგან ფინანსდებოდა, ეს აღიარა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ და ამხილა ის სისტემა, რომელიც ამერიკაში მანამდე არსებობდა, რომ უცხოური დაფინანსება და გრანტები გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური კონტროლის გამოსაყენებლად. შესაბამისად, თუ კი ჩვენ ამ მოცემულობას მივიღებთ, რომ ეს ორგანიზაციები გამოყენება პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად, სხვა, მათი დამფინანსებლების გავლენების გასატარებლად, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ იყოს მბრუნავი კარის პრინციპი, როდესაც ხან „ენჯეოში“ არიან და მერე ცდილობენ მოიყვანონ ისინი პოლიტიკურ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში იგულისხმება პარტიები. ამისთვის უნდა აიღონ ე.წ. გაგრილების პერიოდი.

ჩვენ ამის მაგალითები გვაქვს. სერგი კაპანაძე არის ამის ყველაზე კარგი მაგალითი. ადამიანი, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის, წამების სისტემის რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერი, მას შემდეგ, რაც დამარცხდა 2012 წელს არჩევნებში უცებ გადაკეთდა „ენჯეოდ“ და შემდეგ მას წარმოგვიდგენდნენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას. ჰყავდათ ჩართული ყველაფერში, დააყარეს მილიონები. იქ, სადაც იყო ხელისუფლება და ოპოზიცია, სერგი კაპანაძეს სვამდნენ ვითომ ნეიტრალურ ადამიანს. შემდეგ 2016-ში ის კვლავ პოლიტიკაში მობრუნდა და გახდა პარლამენტის წევრი. შემდეგ 2020 -ში კვლავ გადაბარგდა არასამთავრობო სექტორში. სერგი კაპანაძე არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორ ხდება გარედან ადამიანების ტრიალი იმისთვის, რომ მოიყვანონ პოლიტიკაში და ხან ერთი კარიდან ატარონ და ხან მეორე კარიდან ატარონ. ეს არის ფაქტი, რომ ხდება გრანტის გამოყენება საქართველოზე მავნე ზემოქმედებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები