ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გმობს

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს.

“ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ უკანონო და ფარისევლურ გადაწყვეტილებას, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენებასა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისათვის იარლიყის მიკვრას გულისხმობს, მთელი ირანელი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს და უმკაცრესად გმობს მას.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური შეიარაღებული ძალების განუყოფელი ნაწილი, ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, შეუცვლელ და საამაყო როლს ასრულებს ირანის სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვაში, რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებასა და ტერორიზმთან ბრძოლაში, მათ შორის სწორედ იმ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, რომელიც ზოგიერთი ევროპული ქვეყნის და ამერიკის ინტრიგების შედეგად შეიქმნა.

ნებისმიერი სახელმწიფოებრივი და ოფიციალური ინსტიტუტისათვის „ტერორისტული ორგანიზაციის“ სტატუსის მინიჭება წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს, საერთაშორისო ურთიერთობებში კანონის უზენაესობის პრინციპის უხეშ დარღვევას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, მათ შორის სახელმწიფოთა სუვერენიტეტის და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, უგულებელყოფას.

ეს პროვოკაციული, სრულიად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ნაბიჯი, რომელიც უთუოდ გენოციდის მომწყობი ოკუპანტი რეჟიმისა და მისი ომისმაძიებელი მხარდამჭერების მოსაწონად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიგეგმა და განხორციელდა, კიდევ ერთ მძიმე დარტყმას აყენებს ევროკავშირის, როგორც გაერთიანების, ავტორიტეტს, რომელსაც შეეძლო საერთაშორისო პროცესებში კონსტრუქციული როლის შესრულება. ეს ნაბიჯი მსოფლიო კიდევ უფრო მეტად მიაქანებს უსამართლობისა და „ჯუნგლების კანონის“ გაბატონობისკენ.

„ტერორიზმი“, ამ სიტყვის სრულყოფილი მნიშვნელობით, და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამხედრო ძალების ქმედებათა გათვალისწინებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს დასავლური კოალიციების უკანონო ან ნახევრად კანონიერ მისიებში, მათ შორის, ამ ბოლო ათწლეულების მანძილზე, ნატოს მისიებში აფრიკასა, ერაყსა და ავღანეთში, და ამ რეგიონებში მათ მიერ მილიონობით უდანაშაულო პირის მიმართ ჩადენილ საზარელ დანაშაულებათა გათვალისწინებით, სწორედ მათ უნდა მიესადაგოს.

ევროპულ მხარეთა ამაზრზენი განცხადებები იმის თაობაზე, თითქოსდა ირანელთა უფლებებზე გული შესტკივათ, დიდი ტყუილი და ფარისევლობაა. მათ პასუხი უნდა აგონ ირანელთა ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევის გამო, იქნება ეს 1980-იან წლებში სადამ ჰუსეინის რეჟიმის მიმართ გაწეული დახმარება თუ, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, ანტიჰუმანური სანქციების დაწესება და ამერიკის მკაცრი სანქციების აღსრულება.

მათი განცხადებები „დაუსჯელობის განცდის“ შესახებ მწარე ირონიას წარმოადგენს; ევროპულმა ქვეყნებმა არა მხოლოდ არ გადადგეს არანაირი ნაბიჯი ისრაელის რეჟიმის მიერ პალესტინელთა გენოციდის თავიდან ასაცილებლად, არამედ მუდმივად იდგნენ ოკუპანტი და გენოციდის მომწყობი მხარის გვერდით. ისინი სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროსაც ამ რეჟიმის თანამზრახველებად იქცნენ.

ცხადია, ასეთი წინდაუხედავი გადაწყვეტილებით გამოწვეული პოლიტიკური, სამართლებრივი და უსაფრთხოების შედეგების პასუხისმგებლობა ევროპელ პოლიტიკის განმსაზღვრელებს, განსაკუთრებით კი მის დამგეგმავებსა და ინიციატორებს დაეკისრებათ. ირანის ისლამური რესპუბლიკა, მტკიცედ უსვამს ხაზს რა თავის ნებას, ნებისმიერი უცხოური ჩარევის ან ტერორისტული ბოროტმოქმედების წინააღმდეგ დაიცვას საკუთარი ეროვნული სუვერენიტეტი და უსაფრთხოება, მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას ირანელი ხალხის ლეგიტიმური ინტერესებისა და უფლებების დასაცავად და ევროკავშირის ამ უკანონო და ანტიირანული ქმედების საპასუხოდ”,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები