შალვა პაპუაშვილი – უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, რადგან ეს არის ზუსტად ის, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის წესრიგს და ძირს უთხრის მათ შორის ევროკავშირის რეპუტაციას

“უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, რადგან ეს არის ზუსტად ის, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის წესრიგს და ძირს უთხრის მათ შორის ევროკავშირის რეპუტაციას,”- ამის შესახებ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების და საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობისა.

„რასაც ვხედავთ, არის ის, რომ რაზეც საუბრობდა ევროკომისარი კოსი – ეძებენ გზებს, კანონის გვერდის ავლით როგორ მიაწოდონ თანხები მათ „ენჯეოებს“. ეს არის ზუსტად ის გზები, რასაც ეძებენ, ზოგი ნაპოვნი ჰქონდათ, ზოგ ახალ სქემებს კი, ალაგებენ. ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების და საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობისა. ეს არის დღეს ფაქტი. ვხედავთ, როგორ არის ამაში ჩართული ევროპის სხვადასხვა სტრუქტურები და როგორ ხდება ამ ყველაფრის ხელშეწყობა. ერთ-ერთ ხუხულაში, სადაც ფაქტია, რომ იქ არანაირი ოფისი არ არის. ყალბი „ენჯეოები“ რეგისტრირდებიან, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან. ამ ყალბი „ენჯეოების“ დანიშნულება არის, რომ იყვნენ ფულის გამტარი საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით.
ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა მანდატი, რომ მოგვეწესრიგებინა, დაგვერეგულირებინა საქართველოში უცხოური ფულის შემოდინების საკითხი პოლიტიკაში. ქართველმა ხალხმა 2024 წლის არჩევნებში მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის კანონს და თქვა, რომ ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება. მნიშვნელობა არ აქვს წარმომავლობას, იქნება ეს რუსული ფული, გერმანული, ფრანგული, ესტონური, ჰოლანდიური, თუ ევროკავშირული. არცერთ უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ეს არის ზუსტად, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის წესრიგს, რაც ძირს უთხრის მათ შორის ევროკავშირის რეპუტაციას.

ახლა მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა ამ თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ამ ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული.
მარტივი წესი არსებობს გრანტების კანონით – თუ გინდა უცხო სახელმწიფოს ან ორგანიზაციას, საქართველოში ფული დახარჯო ისეთ საკითხებზე, რომელიც გავლენას ახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, კეთილი ინებე და ქართველ ხალხს ჰკითხე. ბრიუსელის ბიუროკრატები გვეუბნებიან, რომ მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხი და არ აპირებენ, ჰკითხონ ქართველ ხალხს, რაში დახარჯონ ფული. ეს ქვეყანა მიაჩნიათ დაქვემდებარებულ, მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ, რომელშიც უნდა შემოვიდნენ და მისიონერებივით აქ ძალად თავს უნდა მოგვახვიონ თავიანთი აზრები და ფული ისე უნდა ხარჯონ საქართველოში. ამის გამოძახილი იყო სწორად ის დაიცინირებული კანონპროექტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები