შალვა პაპუაშვილი: არ შეიძლება, რომ რაღაც პროდუქტი, რაც პარიზში გარკვეული ფასი ღირს, სამი იმდენი ღირდეს თბილისში – შეიძლება რაიმე მათემატიკური ახსნა მოუძებნოს ყველამ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მაინც არ აიხსნება

მართლაც არ შეიძლება, რომ რაღაც პროდუქტი, რაც პარიზში გარკვეული ფასი ღირს, სამი იმდენი ღირდეს თბილისში. შეიძლება რაიმე მათემატიკური ახსნა მოუძებნოს ყველამ და კილომეტრებზე გადაიანგარიშოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მაინც არ აიხსნება, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, ოპოზიციის მონაწილეობა რა სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს საპარლამენტო კომისიის სამუშაო პროცესში, რომელიც ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით შეიქმნება.

„ხედავთ, რომ სამთავრობო კომისიის ფარგლებში პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და წამყვანი ძალაა ამ საკითხის. საქართველოს პარლამენტის მიზანია, რომ მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას და საპარლამენტო ფორმატით საჯარო გახადოს ამ საკითხის განხილვა. სამთავრობო კომისიებს თავისი სპეციფიკა აქვს, რომელიც არაა საჯარო და მიდის სამუშაო შეხვედრები და განხილვა. საპარლამენტო ფორმატი არის ღია და საჯარო ფორმატი. ვნახეთ, რომ ბიზნესის მხრიდანაც ძალიან ჯანსაღი რეაქცია იყო. მეტ ნაკლებად ყველა აცნობიერებს, რომ მთლად სწორი არ არის ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია.

მართლაც არ შეიძლება, რომ რაღაც პროდუქტი, რაც პარიზში გარკვეული ფასი ღირს, სამი იმდენი ღირდეს თბილისში. შეიძლება რაიმე მათემატიკური ახსნა მოუძებნოს ყველამ და კილომეტრებზე გადაიანგარიშოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მაინც არ აიხსნება. კომისიის ინიციატივა ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის და სურვილია, რომ 14-კაციანი კომისია იყოს, სადაც 7 წევრი იქნება „ქართული ოცნებიდან“, 3 „ხალხის ძალიდან“, 3 „საქართველოსთვის“ ფრაქციიდან და ერთი – „ევროპელი სოციალისტებიდან“. კომისია სამი თვის ვადით იქმნება. ჩვენი მიზანია, რომ აპრილში უკვე პირველი შედეგები გვქონდეს, რასთან გვაქვს საქმე, რას შეიძლება ეშველოს, რას ვერ ეშველოს, საჭიროა პრაქტიკის, ან რეგულაციის შეცვლა, თუ რა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები