შალვა პაპუაშვილი: ხიდაშელის „ენჯეო“ ფინანსდება ევროპული ფონდებიდან, რომ ანტიჩინური განწყობები გააღვივოს საქართველოში – თვითონ ევროპა იზოლაციაში რომ აღმოჩნდა კარგად ჩავიდნენ ჩინეთში სტრატეგიული პარტნიორობისთვის

ხიდაშელის „ენჯეო“ ფინანსდება ევროპული ფონდებიდან და მუშაობს, რომ ანტიჩინური განწყობები გააღვივოს საქართველოში. თვითონ რომ დასჭირდათ კარგად ჩავიდა სულ ყველა იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განავითარონ ჩინეთთან. ესეც აჩვენებს, როგორ იხარჯება ევროპული ფული საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული ფული იხარჯებოდა იმაში, რომ დაეზიანებინათ საქართველოს საგარეო ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან და დაეტოვებინათ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ევროპის ხელში შემყურე.

„იზოლაციაში მოექცა დღეს ევროპა. ხვდებიან, რომ იზოლაციაში არიან და ამიტომ არის დიდი ჩასვლა ჩინეთში სხვადასხვა ხელმძღვანელების მხრიდან, დიდი მიგრაცია. სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა – ეს ყველაფერი ამ კვირების განმავლობაში ჩინეთთან… ეს ის ჩინეთია, რომელთან ურთიერთობასაც ეს ხალხი გვიშლიდა ჩვენ და ამისთვის გვაკრიტიკებდა.

ბრიუსელი, ბოლო ანგარიში რომ არის ვიზალიბერალიზაციაზე, აბა ჩახედეთ იქ რას გვეუბნება – ჩინეთს რატომ აქვს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. ამას გვეუბნებიან, რომ გააუქმეთ ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა. თვითონ?! – ბრიტანეთს უვიზო მიმოსვლა უნდა და ჩვენ თურმე უნდა გავაუქმოთ.

ბალკანეთის ქვეყნებს არაერთხელ უთქვამთ ჩვენთვის, რომ ფაქტობრივად გვიკრძალავს ჩვენ ბრიუსელი ჩინურ კომპანიებთან ხელშეკრულების დადებას. რომ ჩინეთმა არ იხეიროს, გავლენები და ა.შ. და თვითონ რომ დასჭირდათ გავარდნენ სულ ყველა, ჩავიდნენ ჩინეთში პირდაპირი რეისით იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარონ. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ იზოლაციაში აღმოჩნდნენ. ამერიკამ უთხრა, რომ მე ჩემ საქმეს მივხედავ და ახლა ვეღარ იციან რა ქნან. ახლა რაღაც ბალანსობანას თამაშობენ. ინდოეთში ჩავიდნენ. ჩვენ გვსაყვედურობდნენ, რომ ინდოეთში გახლდით, პირველი ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ისტორიული ვიზიტი იყო. პირველი ვიზიტი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში და ასე აბუჩად აიგდეს. ხომ ნახეს, როგორ ჩავიდა ყველა დიდი ლიდერი და უხარიათ ეს ყველაფერი. და მესამე, აფინანსებენ ამ ყველაფერს. „სამოქალაქო იდეა“, ქალბატონი ხიდაშელის „ენჯეო“, რომელიც იცით, რომ მათ შორს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან ფინანსდება, ფინანსდება ევროპული ფონდებიდან და რას აკეთებს – მუშაობს ჩინეთის წინააღმდეგ, რომ ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. პირდაპირ ევროპული ფულით აფინანსებენ ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში და თვითონ რომ დასჭირდათ კარგად ჩავიდა სულ ყველა იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განავითარონ. ესეც აჩვენებს როგორ იხარჯება ევროპული ფული საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები