შალვა პაპუაშვილი: ვინც აღიარებს დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგს და ქართველ ხალხს, არ შესციცინებს სხვებს და იქიდან არ ელოდება დირექტივებს, ყველა მათგანთან ვართ მზად ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე

ვინც აღიარებს დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგს და ქართველ ხალხს, არ შესციცინებს სხვებს და იქიდან არ ელოდება დირექტივებს, ყველა მათგანთან ვართ მზად ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, ხედავს თუ არა რესურსს სხვა ძალებთან დისკუსიის გამართვის და რას მოუტანს საზოგადოებას დებატების იდეის დაბრუნება, რაც პოლარიზაციის გარკვეულ რგოლშია ჩაკეტილი.

„ნებისმიერ ძალასთან, ვინც აღიარებს, რომ ჩვენს სახელმწიფოს ჰქვია საქართველო, რომ ჩვენ ვართ ქართველი ხალხი, რომ ქართველი ხალხის ნება გამოიხატება არჩევნებში, რომ ქართველი ხალხის არჩევნებში გამოხატული ნებით განისაზღვრება უმრავლესობა და უმცირესობა და ქართველი ხალხის მიერ დადგენილი უმრავლესობის დღის წესრიგით, თუ პროგრამით ხდება ქვეყნის მართვა, ვინც აღიარებს დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგს და ქართველ ხალხს, არ შესციცინებს სხვებს და იქიდან არ ელოდება დირექტივებს, ყველა მათგანთან ვართ მზად ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე.

ჩვენ ხომ ამ დებატებში სინამდვილეში სულ ვართ?! კვირაში ერთხელ, ან ორჯერ ინტერაქცია მაქვს ჟურნალისტებთან, პარლამენტში, თუ სხვაგან, სადაც არის ყველა ჟურნალისტი, მათ შორის პარტიული მედიის წარმომადგენლები. არ არსებობს კითხვა, რომელსაც არ ვპასუხობ. ასევეა პრემიერ-მინისტრი, ასევეა პრეზიდენტი. არ არსებობს კვირა, სადაც ნებისმიერ ჟურნალისტს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, კვირაში ორი, ან სამი უმაღლესი თანამდებობის პირთან რომ არ ჰქონდეს ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა. ჩვეულებრივი თოქ-შოუ გვაქვს, თან ჰარდთოქი, ასე რომ, არაფერს გავურბივართ. საქმე ისაა, რომ ისინი გაურბიან, ვისაც კვალიფიციური აზრი არ აქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები