ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენ რეფერენტული ფასები გვაქვს, დაახლოებით, 7000-ზე მეტ მედიკამენტზე და შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელებაც ერთ-ერთი გზა იყოს, ყველა ვთანხმდებით, რომ არსებობს სივრცე – მედიკამენტებზეც შემცირდეს ფასები და ამ ნაწილში გარკვეული წნეხი შემცირდეს მოქალაქეზე
ჩვენ რეფერენტული ფასები გვაქვს, დაახლოებით, 7000-ზე მეტ მედიკამენტზე და შესაძლებელია ესეც ერთ-ერთი გზა იყოს, მათ შორის – ამ პროცესის გაგრძელება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიის ფორმატში სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან, მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ისინიც ხედავენ სივრცეს ფასების შემცირებისთვის.
„როდესაც ჩვენ შევხვდით სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს, ამავე შეხვედრაზე იყვნენ მწარმოებლები და დისტრიბუტორები, სხვადასხვა პრობლემებზე იყო საუბარი, თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ ისინიც ხედავენ სივრცეს იმისათვის, რომ მედიკამენტებზეც შემცირდეს ფასები და ამ ნაწილშიც გარკვეული წნეხი შემცირდეს მოქალაქეზე”, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.