ლევან ჟორჟოლიანი: დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში, აცხადებენ, რომ 9 სახის გადასახადი მაინც აქვთ მათ დადგენილი ქსელების მიერ და სახელმწიფოს სულ ხუთი გადასახადი აქვს, ასე ხდება ბიუჯეტის შევსება
ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ როგორც გამოიკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში, როდესაც დისტრიბუტორს ან მწარმოებელს ქსელის მიერ უწესდება გარკვეული ტიპის გადასახადები, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დისტრიბუტორები და მწარმოებლები ამბობენ, რომ სადღაც 9 სახის გადასახადი აქვთ დადგენილი ქსელების მიერ.
„ჩვენ შევხვდით სამივე მხარეს, რომლებიც სურსათის ფასებს ქმნიან ანუ ინდუსტრიას. ესენი არიან ქსელური მარკეტები, დისტრიბუტორები და მწარმოებლები. როგორც გამოიკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში, როდესაც დისტრიბუტორს ან მწარმოებელს ქსელის მიერ უწესდება გარკვეული ტიპის გადასახადები. თავად დისტრიბუტორთა თქმით და მათ შორის მწარმოებლებიც ამაზე საუბრობენ, ამბობენ, რომ სადღაც 9 სახის გადასახადი მაინც აქვთ დადგენილი ქსელების მიერ. სახელმწიფოს სულ ხუთი გადასახადი გვაქვს, ასე ხდება ბიუჯეტის შევსება. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ამას ასახელებენ. მწარმოებლების მხრიდანაც გვაქვს ეგეთი პრაქტიკა, რომ ზოგ ქართველ მწარმოებელს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გასაღებას, ურჩევნია ექსპორტზე გაიტანოს. ექსპორტი თავის მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ ექსპორტი კარგია, როდესაც შენი საკუთარი მოთხოვნილებები არის დაკმაყოფილებული, ანუ როდესაც შიდა ბაზარზე არ გჭირდება იმპორტით ჩანაცვლება”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.