ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია მომავალ კვირაში დამტკიცდება – შალვა პაპუაშვილი

“დროებითი კომისიის ინიციატივა მოდის ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხრიდან. თავად დადგენილების პროექტი ორშაბათს გამოვა ბიუროს სხდომაზე. დადგენილება კომიტეტებზე განხილვის გარეშე, პირდაპირ გავა პლენარულ სხდომაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

კერძოდ, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მომავალი კვირის დასაწყისში ჩამოყალიბდება სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია და განისაზღვრება კვოტები.

“იმისთვის, რომ ყველა ფრაქცია, პოლიტიკური ჯგუფი მომზადებული იყოს სამუშაოდ, დადგენილების მიღების შემდეგ საპროცედურო კომიტეტი განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობის რაოდენობას და აქედან გამომდინარე გამოთვლის კვოტებს თითოეული ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფისთვის. რა თქმა უნდა, კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, თუმცა, თავად ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომ კომისია იყოს 14-კაციანი შემადგენლობით. საპროცედურო კომიტეტი ამ ინიციატივას თუ გაიზიარებს და 14-კაციანი შემადგენლობით იქნება, ამ შემთხვევაში კვოტები გამოვა: შვიდი წევრი „ქართული ოცნებისთვის“, სამი წევრი „ხალხის ძალისთვის“, სამი წევრი ფრაქცია „საქართველოსთვის“ და ერთი წევრი „ევროსოცებისთვის“. ანუ შვიდი, სამი, სამი, ერთი. როგორც იცით, უმრავლესობას არ უნდა ჰყავდეს კომისიაში უმრავლესობა. ამიტომ, გთხოვთ, წინასწარ მომზადებული ვიყოთ, ვისაც სურს მონაწილეობის მიღება კომისიის მუშაობაში, რათა კანდიდატებზე იყოთ ჩამოყალიბებული. მათ შორის, ჩვენი მიზანიც არის, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს კომისიამ მუშაობა. სავარაუდოდ, ოთხშაბათს, დილით ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფებისგან ბიუროსთვის უკვე წარმოდგენილი უნდა იყოს მათი წევრები კომისიაში. ამიტომ, მანამდე დრო გაქვთ, შეგიძლიათ, ჩამოყალიბდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

გუშინ უმრავლესობის ლიდერმაც დააანონსა, რომ ფრაქციის ინიციატივაა, კომისიას უხელმძღვანელოს შოთა ბერეკაშვილმა. ასე რომ, მომავალ კვირას სამშაბათი-ოთხშაბათი დაეთმობა კომისიის ჩამოყალიბებას. იმედი მაქვს, ოთხშაბათიდან, ხუთშაბათიდან კომისია უკვე დაიწყებს სრულფასოვნად მუშაობას და გვექნება შესაძლებლობა, ამ საკითხებზე ვიმუშაოთ. მათ შორის, ინიციატივის ავტორების მხრიდან დასახელებულია კომისიის მუშაობის სამთვიანი ვადა. აქედან გამომდინარე, კომისიას ექნება ძალიან ინტენსიური მუშაობის შესაძლებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები