საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრების ორპარტიულ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას და განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პროცესები.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლზე და ამ მხრივ განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი.
საქართველო მიესალმა აშშ-ის აქტიურ ჩართულობას რეგიონში.
დელეგაციის წევრებმა დააფიქსირეს შეერთებული შტატების უპირობო, ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღინიშნა ამ მიმართულებით კონკრეტულად აშშ-ის კონგრესის აქტიური ჩართულობის როლი.
საუბრისას, დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს როლი როგორც გლობალური, ისე რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
