თბილისის მე-10 მოდის კვირეული გაიხსნა
თბილისის მე-10 მოდის კვირეული გაიხსნა და ის 5 დღე გაგრძელდება. კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას ამჯერად „მეიდან ჯგუფის“ ახალი პროექტი – „დიზაინ ცენტრი” უმასპინძლებს.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, „დიზაინ ცენტრის” ვიზუალური მხარე, მასშტაბები და მრავალპროფილური შესაძლებლობები იდეალურად შეითავსებს ერთ დიდ სივრცეში მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ჩვენებებს, მასტერკლასებს, გამოფენებს, შოურუმებსა და წვეულებებს.
კვირეულის სამ ჩვენებას უმასპინძლებს პარლამენტის ეროვნული გალერეა, სასტუმრო Rooms Tbilisi და „შატო მუხრანი“.
მე-10 თბილისის მოდის კვირეულის მხარდამჭერია კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მერიის კულტურული ღონიძიებების ცენტრი.
სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, კვირეულს მხარს უჭერს ბიზნესსექტორიც. ამ სეზონის სპონსორები არიან: “სამრაან სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი”, სავაჭრო სახლი გოლეთიანი – ნოკია 730, “Outdoor.ge”, სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი”, „ფრამეზი”, შატო მუხრანი, Rooms Hotel Tbilisi, Art Palace და AP studio.
თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის ჩვენება მოეწყობა: ავთანდილი, ანუკი არეშიძე, თამუნა ინგოროყვა, გოლა დამიანი (დალოოდ ჯგუფი), ატელიე „კიკალა”, მოდის სახლი „მატერია”, გიორგი შაღაშვილი, ლელა ელოშვილი, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, Mach & Mach, ლაკო ბუკია, ნინო ბაბუხადია, გვანცა ჯანაშია და სარა ალიევა (ბაქო, აზერბაიჯანი). ასევე, მოდის კვირეულზე კოლექციებს წარმოადგენენ ახალბედა დიზაინერები: ტატიანა მეფარიძე და წინა სეზონის დამწყებ დიზაინერთა კონკურსის გამარჯვებული თამთა შინდელიშვილი. „დიზაინ ცენტრში” პირველ ჩვენებას ბრენდი „დალოოდი” გამართავს, რომელიც კაფსულა კოლექციებით აერთიანებს იკა ბობოხიძეს, სიმონ მაჩაბელს და გრეგორი რეჯინის, რომელიც პირველად წარდგება მაყურებლის წინაშე დიზაინერის სახით.
თბილისის მოდის კვირეულზე პირველად მოეწყობა გრანდიოზული შოურუმი, რომელიც მოიცავს როგორც მიმდინარე, ასევე სეზონურ კოლექციებს. აქვე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების აქსესუარების ახალი კოლექციები. ნებისმიერ მსურველს ექნება შოურუმის დათვალიერების და სასურველი ნივთის შეძენის შესაძლებლობა.
კვირეულის ფარგლებში, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება მასტერკლასები, მათზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, განსაკუთრებით სახელოვნებო უნივერსიტეტებიდან.
კვირეულის ბოლო დღეს დამწყებ დიზაინერთა კონკურსიც გაიმართება, რომლის ჟიურიში უცხოელი სტუმრები იქნებიან. გამარჯვებულ ნიუქამერს სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ. ამასთანავე, მას შესაძლებლობა მიეცემა, მომდევნო კვირეულზე მთავარ პროგრამაში სრული კოლექცია გამოიტანოს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და თბილისის მოდის კვირეულს შორის მოლაპარაკებების თანახმად, მოეწყო პრესტური, რომლის სტუმრები გაეცნობიან ჩვენს ქვეყანას და მოდის კვირეულსაც გააშუქებენ Grazia Italy, Harper’s Bazaar (Russia & Kazakhstan), Buro 24/7, SNC Magazine, Wanderlust City guide, Interview Russia, NARGIS Magazine.
განახლდება თბილისის მოდის კვირეულის დღიურები ბლოგის სახით, რომლის ავტორიც არის Kate’s Cool Attitude-ი. დღიურებში განთავსდება ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალა, ბლიცინტერვიუები და ჩვენებების შეფასებები, სტუმრების კომენტარები და სხვადასხვა საინტერესო და, რაც მთავარია, ექსკლუზიური მასალა.