“კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
სუს-ის ცნობით, წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია უწყებისთვის.
“სიმონ წაქაძე 2015 წლიდან მუშაობდა ჩვენს სამსახურში და იყო ღირსეული, გამოცდილი თანამშრომელი, რომელიც გამოირჩეოდა საქმისადმი ერთგულებითა და მაღალი პროფესიონალიზმით.
უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს.
უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან და პატივი სცენ გარდაცვლილის ხსოვნას”, – წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი დღეს დილით საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი და წერილი.
პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.