“ჩვენ ვართ მკაფიო და პირდაპირი, როდესაც საქმე ეხება ღირებულებებს, ჰუმანიზმს, ტრადიციებს და იდეალებს. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ ქვეყნის შიგნითაც და ამასვე მოვუწოდებთ ქვეყნის გარეთ – ყველგან, სადაც კი უკუსვლას ვხედავთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, უნდა გვახსოვდეს, რომ “სწორედ სიჩუმე, წაყრუება და დუმილი იყო მთავარი წინაპირობა, რამაც ჰოლოკოსტი შესაძლებელი გახადა”.
“ჩვენ არ უნდა შევეგუოთ სიძულვილის არცერთ გამოვლინებას, არ უნდა მოვახდინოთ მისი ნორმალიზება და არ უნდა დავიჯეროთ, რომ ზიზღი რაიმე სიკეთის მომტანია. არავითარი სიჯანსაღე არ შეიძლება გააჩნდეს შუღლს, ზიზღს, სიძულვილს და ვერავითარი გამართლება ვერ ექნებათ მის წამქეზებლებს, დამთესავებს და მისით მანიპულატორებს.
სწორედ ამიტომაა გასავლები ძალიან მკაფიო წითელი ხაზები დასაშვებსა და დაუშვებელს შორის, რადგანაც იწყება მცირედით და მთავრდება გლობალურით, ითესება პატარა სარეველა და ამოდის ღვარძლის ბუჩქი, იწყება ნაპერწკლით და ვიღებთ ხანძარს. ჰოლოკოსტი სწორედ ამ გზის ყველაზე მძიმე და ტრაგიკული შეხსენებაა.
განხეთქილებით, ძალადობით, ომითა და უბედურებით ვერავითარი საბოლოო გადაწყვეტა ვერ მიიღწევა. ომი შობს ომს, ძალადობა – ძალადობას. სწორედ ამიტომ, ცივილიზაცია ყოველთვის უნდა იდგეს მშვიდობის მხარეს, ეძებოს ბალანსი და წონასწორობის წერტილი, ურთიერთობა კი ააგოს ურთიერთპატივისცემასა და განსხვავებულის შემწყნარებლობაზე, დასაშვებსა და დაუშვებელს შორის საზღვრების ცნობაზე. სწორედ ესაა დღეს ჩვენი მთავარი სათქმელი”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.