„სამშვიდობო ექსპრესი“ – ქართულ-ოსური ფილმის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

ხვალ ქართულ-ოსური სტუდენტური ფილმის „სამშვიდობო ექსპრესი“ პრეზენტაცია გაიმართება. ფილმი „ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესის“ ფარგლებში მომზადდა. პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ჰოლში 18 საათზე დაიწყება. ღონისძიებას ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი გამართავს. პროექტი UNDP და EU ერთობლივი პროგრამა COBERM-ის მიერაა დაფინანსებული.
„ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესის“ ფარგლებში ფოტოგამოფენა და პროგრამის შედეგების პრეზენტაციაც გაიმართება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისათვის“ განმარტებით, აღნიშნული პროექტი ამ ფორმატით პირველია მთელს მსოფლიოში და მას ანალოგი არ ჰქონია.
„აღსანიშნავია, რომ ქართველი და ოსი სტუდენტები დღემდე ერთმანეთს არ შეხვედრიან მსგავს პროექტში, არ ჰქონიათ ასეთი გრძელვადიანი კომუნიკაცია და არაფორმალური ურთიერთობა, არ უცხოვრიათ ერთად 17 დღის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპელი ახალგაზრდები უშუალოდ გაეცნენ ქართველ და ოს სტუდენტებს და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი პრობლემები, შეხედულებები, ფასეულობები და გამოცდილება. პრეზენტაციაზე ახალგაზრდები ისაუბრებენ იმ შთაბეჭდილებებზე, რაც მიიღეს ოს თანატოლებთან ერთად პროექტის მსვლელობისას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მოეწყობა დისკუსია ქართულ-ოსური ურთიერთობების, კონფლიქტისა და ამ საკითხის ირგვლივ ქართველი ახალგაზრდების ინფორმირებულობის შესახებ.
ფილმის პრეზენტაციას დაესწრებიან კონფლიქტოლოგები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები. დისკუსიის პროცესში სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას ოს ახალგაზრდობაში არსებული განწყობების შესახებ და უკეთ გაეცნობიან ცხინვალში არსებულ სიტუაციას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებში ქართულ-ოსური ურთიერთობების პრობლემატიკით დაინტერესებას. შეხვედრა იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და თანამონაწილეობით.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აპრილი-მაისის პერიოდში ქართველმა და ოსმა სტუდენტებმა 17 დღის განმავლობაში ერთად იმოგზაურეს ავტობუსით 5 ქვეყანაში (თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, სერბეთი და კოსოვო), სადაც შეხვდნენ ადგილობრივი უნივერსიტეტების სტუდენტებსა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. პროექტში მონაწილეობდა 10 ქართველი და 10 ოსი ახალგაზრდა. პროექტის მხარდამჭერები აგრეთვე იყვნენ სს „საქართველოს რკინიგზა“, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი“ და კომპანია „ბადაგონი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები