„რასაც აქ ირაკლი აბაშიძეზე მოგახსენებთ, ეს მამაჩემისგან მსმენია“ – კონსტანტინე გამსახურდია

ირაკლი აბაშიძის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით კონსტანტინე გამსახურდია სტატუსს აქვეყნებს.
„დღეს ირაკლი აბაშიძის გარდაცვალების დღეა. თუკი ბავშვობის წლებს გავიხსენებ, მისი სტუმრობა მახსოვს როგორც „კოლხურ კოშკშიც“, ისე ლიძავას „აფსუა აბა’ას“ სახლში. ამ აგარაკს აგრბას ქუჩაზე ასე უწოდებდა კონსტანტინე გამსახურდია, ხოლო ირაკლი თავის ოჯახთან ერთად ისვენებდა ამავე ქუჩის მეორე მხარეს, სადაც წიწვოვან ზოლში სამთავრობო რეზიდენცია დგას დღესაც.
რასაც აქ ირაკლი აბაშიძეზე მოგახსენებთ, ეს მამაჩემისგან მსმენია.
ზვიადი თვლიდა, რომ ირაკლის გარეშე რუსთაველის 800 წლის იუბილე 1966 წელს, როგორც უდიდესი ეროვნული საქმე ვერ განხორციელდებოდა. ირაკლი აბაშიძემ უზარმაზარი შრომა გასწია, პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ასპექტში, როგორც თბილისში, ისე მოსკოვში. რიგი საკითხები, როგორც ისინი დღევანდელი გადმოსახედიდან მოჩანს, ისე თავისთავად ცხადი და მარტივი არ ყოფილა საქართველოს სსრ-ში.
ამ ყველაფერს უძღოდა 1960 წელს ექსპედიცია წმინდა მიწაზე, ჯვრის მონასტერში, როდესაც ირაკლი აბაშიძემ, აკაკი შანიძემ და გიორგი წერეთელმა რუსთაველის ფრესკა აღმოაჩინეს. ამ ფრესკის შესახებ არსებობდა მხოლოდ ტიმოთე გაბაშვილის, ალექსანდრე ცაგარელის და ნიკო ჩუბინაშვილის ჩანაწერები. იგი ვერც ნიკო მარმა აღმოაჩინა თავის დროზე. რომ არა ეს ექსპედიცია, ზემოხსენებული იუბილე ვერ ჩატარდებოდა რამდენიმე წლის შემდეგ: ხრუშჩოვის პირობებში წარმოუდგენელი იქნებოდა ასეთი მასშტაბის ღონისძიება.
ირაკლი აბაშიძის პირდაპირი დამსახურებაა კონსტანტინე გამსახურდიას რვატომეულის გამოცემა, რომელიც 1958 წელს დაიწყო, აღნიშნავდა მამაჩემი. ამ წელს მწერალი 67 წლის იყო, თუმცა მისი მრავალტომეული არ არსებობდა, იყო მხოლოდ ცალ-ცალკე გამოცემული წიგნები, ხოლო 1946 წელს დაგეგმილი ექვსტომეულის გამოცემა ჩავარდა რუსეთში დაწყებული ჟდანოვშჩინის კამპანიის გამო. 1958 წელს მდგომარეობა რასაკვირველია, შეიცვალა. ირაკლი ამ დროს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ხსენებული რვატომეულის გამოცემა 1968 წელს დასრულდა“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები