რატი იონათამიშვილი – მაია სანდუს განცხადებაზე: სამართლებრივ სახელმწიფოში პრეზიდენტი უნდა იყოს სუვერენიტეტის გარანტი, მაგრამ მოლდოვას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც სხვა ქვეყნის გუბერნატორობაზე ოცნებობს
“სამართლებრივ სახელმწიფოში პრეზიდენტი უნდა იყოს სუვერენიტეტის გარანტი, მაგრამ მოლდოვას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც სხვა ქვეყნის გუბერნატორობაზე ოცნებობს,”- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მაია სანდუს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს სცენარი საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდა, როდესაც სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და შემდეგ სხვა ქვეყნის პროვინციის გუბერნატორი გახდა.
„სამართლებრივ სახელმწიფოში პრეზიდენტი უნდა იყოს სუვერენიტეტის გარანტი, მაგრამ მოლდოვას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც როგორც ჩანს სხვა ქვეყნის გუბერნატორობაზე ოცნებობს. ეს სცენარი ჩვენ საქართველოს მაგალითზეც ვნახეთ, როდესაც სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და შემდეგ სხვა ქვეყნის პროვინციის გუბერნატორი გახდა. როგორც ჩანს ამ ორ ადამიანს ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ქალბატონი, რომელიც სხვა ქვეყნის ვასალობაზე ოცნებობს, საქართველოს მაგალითზე მხარს უჭერდა ძალადობრივ აქციას“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ რუმინეთთან გაერთიანების საკითხი ოდესმე რეფერენდუმზე დადგება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს.