ირანის სასამართლო ხელისუფლება აცხადებს, რომ არეულობების მონაწილეებს მკაცრად დასჯის
ირანში არეულობების მონაწილეები მაქსიმალურად მკაცრად დაისჯებიან,- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, ღოლამ ჰოსეინ მოჰსენი-ეჯეიმ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო სისტემა არ გამოიჩენს ლმობიერებას იმ პირების მიმართ, რომლებიც, ხელისუფლების შეფასებით, მონაწილეობენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ან ხელს უწყობენ არეულობების გავრცელებას.
„არეულობაში მონაწილე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან “, – ციტირებს მის სიტყვებს ირანის სახელმწიფო მაუწყებელი.
მედიის ცნობით, ეს იყო პასუხი ირანის ქალაქ ესფერაიანის პროკურორის გარდაცვალების საქმეზე. როგორც ირკვევა, პროკურორი აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად გარდაიცვალა.
ირანული მედიის ცნობით, ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს ჩრდილოეთ ხორასანის პროვინციის ესფარაიენის რაიონში, მომიტინგეებმა რეგიონული პროკურორი ალი ელბერ ჰუსეინზადე მოკლეს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პროკურორი საპროტესტო აქციის ადგილის დათვალიერებას ცდილობდა.
შეგახსენებთ, ირანში ბოლო პერიოდში საპროტესტო გამოსვლები და არეულობაა, რასაც ქვეყნის ხელისუფლება უცხო ძალების ჩარევას უკავშირებს.