დავით ქართველიშვილი: უსაზღვრო კონტრასტია საქართველოში დღეს გათენებულ საშობაო განწყობასა და მის გარშემო არსებულ წყვდიადს შორის

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი უწმინდესის წლევანდელ საშობაო ეპისტოლეს ეხმიანება და აცხადებს, რომ პატრიარქის გზავნილი მაკრო და მიკროკოსმოსის შერწყმით, ადამიანის არსებით კითხვებს პასუხობს და მკვეთრ კონტრასტს ქმნის თანამედროვე მსოფლიოს სულიერ ქაოსთან.

“უწმინდესის ეპისტოლე გვახსენებს, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა სიყვარულია-” წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ უწმინდესის ეპისტოლე მხოლოდ სარწმუნოებრივი ტექსტი არ არის და ის თანამედროვე პოლიტიკური და მორალური რეალობის მკაფიო ანარეკლსაც წარმოადგენს.

“მაკრო და მიკროკოსმოსს მოიცავს უწმინდესის წლევანდელი საშობაო ეპისტოლე — ტექსტი, რომელმაც კაცობრიობის სამარადისო დრო და სივრცე განჭოლა, რათა თითოეულის გულში დაბუდებულიყო კითხვებით: ვინ ვართ, რისთვის ვართ, როგორები ვართ და რანაირები უნდა ვიყოთ. ყოველ სტრიქონში იკითხება 93 წლის გერონდას სიბრძნე — ადამიანის, რომელმაც საკუთარ გამოცდილებაში მოათავსა გალაქტიკური უსასრულობაც და ადამიანური წუთისოფელიც, და ეს ყველაფერი კაცის გულში ჩაატია მისი ერთადერთი მისიისთვის — ცხონების გზაზე აუცილებელი გაღმრთობის მისაღწევად.

თითქოს მესმის მისი დასუსტებული ხმით მრავალდღიანი კარნახი მდივნის მიმართ, დღესასწაულთა დღესასწაულზე ეპისტოლეს არქიტექტურის შესაქმნელად — რათა თავისი შთაგონებით ერთხელაც დაემსხვრია ჩვენს დაუძლურებულ სულში ჭეშმარიტებასთან მუდმივი ბრძოლა და სიყვარულის მიუღებლობა.

დღეს ყველა როდი ხარობს და ზეიმობს. ზეცაში ბეთლემის ვარსკვლავის გამოჩენასთან ერთად, მომწამვლელ საინფორმაციო სივრცეში გამოვიდნენ ბნელეთის მოციქულები.

„აგერ მე და აგერ თქვენ” — სხვა ვერაფრით გაგვახარა მისტერიის ღამეს ავი სულებით შეპყრობილმა სააკაშვილმა: „ცოტაც მოითმინეთ და ნაღდ შობას 25 დეკემბერს გაზეიმებთო”. არც უკრაინელები დავიწყიათ — ამ საზეიმო ღამეს გერმანიის კანცლერმა მიმართა ამ მრავალტანჯული ხალხის მესვეურებს: „არც ერთი ახალგაზრდა აღარ გაუშვათ ქვეყნის საზღვრებს გარეთ”. სტივ უიტკოფმაც თავის „ეპისტოლეში” ანუგეშა ისინი: „დანგრევისა და უბედურების ნუ გეშინიათ — ბლექროკი და ლარი ფინკი მოგხედავენ, მათ ებარებოდეთ”.

რამდენად უსაზღვრო კონტრასტია საქართველოში დღეს გათენებულ საშობაო განწყობასა და მის გარშემო არსებულ წყვდიადს შორის, სადაც მხოლოდ ტირილი და ღრჭენაი კბილთაი ისმის.

უწმინდესმა ერთხელაც სცადა — ჩვენთვის ახალშობილი იესოთი ეჩვენებინა იმედი, სიყვარული და გადარჩენის ერთადერთი გზა; დაერწმუნებინა, რომ სანამ თუნდაც ერთი ცხვარი დაკარგულად ეგულება თავის საწმყსოში, მის ძებნას არ მოეშვება, სანამ არ იპოვის — „და როცა იპოვის, სიხარულით შეისვამს მხარზე”.

უწმინდესის წლევანდელი საშობაო ეპისტოლე იმდენად განსხვავებულია და ქრისტეში მარადიულობის თემით გაჯერებული, რომ ვისაც გადარჩენა გვსურს, ყურადღებით და აუჩქარებლად უნდა წავიკითხოთ.

და რა თქმა უნდა — ვიზეიმოთ და ეს ერთი დღე მაინც განსაკუთრებით გვიყვარდეს ერთმანეთი”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები