შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბრიდან გავიდა სამი თვე და ევროკავშირი ჯერ კიდევ არ გმობს საქართველოში პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებულ შტურმს
„4 ოქტომბრიდან გავიდა სამი თვე და ევროკავშირი ჯერ კიდევ არ გმობს საქართველოში პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებულ შტურმს,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერს დაანონსებული იყო ძალადობა, დაანონსებული იყო ნეპალი, რაც ნიშნავს ხელისუფლების სისხლიან დამხობას.
„მე ტრადიციულად, 4 იანვარსაც ვაპირებდი გამოხმაურებას, რომ 4 ოქტომბრიდან გავიდა სამი თვე და ევროკავშირი ჯერ კიდევ არ გმობს ძალადობას, მაგრამ საახალწლო დღეები იყო და საზოგადოება ზედმეტად არ დავტვირთე. თუმცა, მოვა 4 თებერვალი და დაველოდოთ, იქნებ მანამდე მაინც ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც, რომელიც იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არ არის ევროპული საქციელი – ასეთ წინადადებას შევთავაზებ. აბა, ამას მაინც თუ იტყვის ევროკავშირის ელჩი.
ევროკავშირს დღემდე არ დაუგმია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი მათ მიერ მხარდაჭერილი ხალხის მხრიდან. ვინც იმ შტურმში მონაწილეობდა, ამ სახეებს ყველას ნახავთ საელჩოებში სხვადასხვა მიღებაზე, სხვადასხვა „ენჯეოში“ თანამშრომლებად, დაფინანსებამიღებულს და ასე შემდეგ. იქ ვინც ტრიალებდა, მათ შორის, ამას აკეთებდნენ ევროკავშირის დროშით.
საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობა მოხდა ევროკავშირის დროშით ხელში და ამას ამართლებს, თვალს უხუჭავს ევროკავშირის საელჩო და კომისია, რაც არის კატასტროფა. ამას არა თუ დაგმობა არ მოჰყოლია, არამედ ეს იყო ხაზგასმით ევროკომისიის სპიკერის მხრიდან მხარდაჭერილი, ნეპალის სცენარი საქართველოში. 4 ოქტომბერს დაანონსებული იყო ძალადობა, დაანონსებული იყო ნეპალი, რაც ნიშნავს ხელისუფლების სისხლიან დამხობას. ევროკომისიის სპიკერს ჰკითხეს, ხელისუფლების დამხობის ამ შეკრებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთო და თქვა, რომ სოლიდარულია და მხარს უჭერს. ევროკავშირიდან არავის დღემდე ბოდიში არ მოუხდია, განმარტება არ გაუკეთებია”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.