„1917 წლის თებერვლის რევოლუცია. სოციალ-დემოკრატია ბოლშევიზმის წინააღმდეგ. წერეთელი ლენინის პირისპირ“ – წიგნის წარდგენა გაიმართება
6 იანვარს, 17 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის საგამოფენო დარბაზში.გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ მომზადებული თარგმანი მიხეილ ხუნდაძის ფრანგულენოვანი წიგნისა „1917 წლის თებერვლის რევოლუცია. სოციალ-დემოკრატია ბოლშევიზმის წინააღმდეგ. წერეთელი ლენინის პირისპირ“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პრეზენტაციას დაესწრება წიგნის ავტორის, მიხეილ ხუნდაძის, შვილიშვილი,ცნობილი ფრანგი პიანისტი ელიზაბეტ ზომბარტი, რომელიც შეასრულებს ფრანც შუბერტის საფორტეპიანო სონატას სი-ბემოლ მაჟორში, D 960.
მიხეილ ხუნდაძის ეს წიგნი 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის შესახებ დაწერილ ისტორიულ ნაშრომს წარმოადგენს, თუმცა წიგნს მეორე „მთავარი გმირიც“ ჰყავს – ირაკლი წერეთელი ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი,რომელიც თავად იყო თებერვლის რევოლუციის ლიდერი. ნაშრომში ირაკლი წერეთლის ცხოვრებისეული გზის კვალდაკვალ განხილულია თებერვლის რევოლუციის წინარე ისტორია, პერიპეტიები და უშუალოდ 1917 წლის თებერვალ-ოქტომბერში განვითარებული მოვლენები. წინამდებარე გამოცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მომზადდა.
მისამართი: თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. 7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი, საგამოფენო დარბაზი.