„წმიდა ოთხთავი მოქვის სახარების ილუსტრაციებით” – წიგნის წარდგენა გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის – „წმიდა ოთხთავი მოქვის სახარების ილუსტრაციებით” – წარდგენა გაიმართა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ღონისძიება აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ჩატარდა.
ოთხთავის ტექსტი, ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით, გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ.
ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
„საჭირო და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ოთხთავის გამოცემით. ზოგადად, აუცილებელია ქართველი კლასიკოსების იმ ნაწარმოებების თარგმნა რუსულად და აფხაზურად, რომლებშიც აფხაზეთია ნახსენები. ასევე რუსულად უნდა ითარგმნოს აფხაზეთის საკათალიკოსოს ისტორია, რომელიც ქართული საკათალიკოსოს ისტორიაა. ზვიად გამსახურდიამ ანდრეი სახაროვთან პოლემიკაში აღნიშნა, რომ აფხაზეთი საქართველოს მეორე სახელია, ისევე როგორც ალბიონი ინგლისისო. როგორც ძველად იტყოდნენ – მომავალ წელს იერუსალიმში, ზუსტად ასე – მომავალ წელს აფხაზეთში“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
