გეკა გელაძე: სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით, მივიღეთ შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში

„ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოში ის, რომ ნარკორეალიზაციამ გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში. ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში, ვცვლით ინფორმაციებს და გვაქვს შექმნილი სპეციალიზებული დანაყოფი, რომელიც არის ორიენტირებული მხოლოდ ონლაინ სივრცეში ნარკორეალიზაციაზე“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ნარკორეალიზაციასთან საბრძოლველად მკაცრ პოლიტიკას და ქმედით ნაბიჯებს, ალტერნატივა არ აქვს.

„მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ამ მხრივ, საქართველოშიც იგივე პრობლემები გვაქვს. ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით, ჩვენ შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში. მხოლოდ ბოლო 9 თვის განმავლობაში, დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. როდესაც ვსაუბრობთ სტრუქტურულ გაძლიერებაზე, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ რამდენიმე თვის წინა ჩვენს ნარკომანიასთან ბრძოლის დანაყოფს დავუმატეთ დანაყოფები ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ეს ეხება, როგორც სახმელეთო, ასევე, საჰაერო თუ საფოსტო, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ნარკოდანაშაულში ჩართული ადამიანები ხშირად იყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფანს, სწორედ ამ დანაყოფების საქმიანობამ ძალიან შედეგი გამოიღო, რაც ნამდვილად საამაყოა. გარდა ამისა, ძალიან დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შემოტანა იქნა აღკვეთილი ამ დანაყოფების მხრიდან, რომელიც საქართველოს ბაზარზე უნდა დარჩენილიყო და შემდეგ რეალიზაციაში გაშვებულიყო.

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოში ის, რომ ნარკორეალიზაციამ გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში. ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში, ვცვლით ინფორმაციებს და გვაქვს შექმნილი სპეციალიზებული დანაყოფი, რომელიც არის ორიენტირებული მხოლოდ ონლაინ სივრცეში ნარკორეალიზაციაზე და აქაც საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. მე ვფიქრობ, ნარკორეალიზაციასთან საბრძოლველად, ამ მკაცრ პოლიტიკას და ქმედით ნაბიჯებს, ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები