„ქალი გაზაფხულის ექსპრესია“ – ქართველ ქალ მხატვართა გამოფენა გაიხსნება
1-ელ მარტს, 13:00 საათზე, აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება ქართველ ქალ მხატვართა გამოფენა – „ქალი გაზაფხულის ექსპრესია“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის მიზანია ქალ მხატვართა შემოქმედების ინსტიტუციური მხარდაჭერა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.
გამოფენა აერთიანებს აჭარაში მცხოვრებ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულ ქალ მხატვართა ნამუშევრებს. ექსპოზიცია ხაზს უსვამს შემოქმედებით ქალთა ფენომენს, კულტურულ ღირებულებებს და მათ როლს სოციუმში.
მოწვეული მხატვრები გამოფენის პერიოდში ჩაატარებენ მასტერკლასებს ადგილობრივ ახალგაზრდა მხატვრებისთვის და მათ თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ქალ მხატვართა შემოქმედება 2026-2028 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება – მაია გერსამიას, დიანა თალაკვაძის, ირინა ტორონჯაძის, ეკა ცინცაძის, თამთა დარჩიას, ნინო ჩაკვეტაძის, ეკა მუხაძის, ქეთი ბათიაშვილის და ლია შველიძის ნამუშევრები.