მიხეილ სარჯველაძე – ნარკოდამოკიდებულებაზე: ძალიან მანკიერი და მავნე მითია, თითქოს განკურნება შეუძლებელია – ეს, რასაკვირველია, მცდარი შეხედულებაა
„მე არ მგონია, არსებობდეს ნარკომომხმარებელი, რომელსაც სურვილი არ აქვს, რომ არ მომხდარიყო მის ცხოვრებაში თუნდაც პირველი გასინჯვა. არ მეგულება დამოკიდებული ადამიანი, რომელსაც მცირეოდენი სურვილი მაინც არ აქვს, რომ ის არ იყოს ნარკოდამოკიდებული. ჩვენი ამოცანაა, მივეხმაროთ ადამიანებს, რომ მეტად უნდოდეთ და ვისაც ამის სურვილი აქვს, რეალურად შეძლოს, დაამარცხოს ეს დიდი პრობლემა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოსა და სექტორის წარმომადგენლების მხარდაჭერით, ნარკომომხმარებელთა მკურნალობა და რეაბილიტაცია რეალურად მიღწევადია.
„მე მინდა, აქ მყოფ ფსიქოლოგსაც და ექიმსაც, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამის თქმისთვის – გაბედული ნათქვამია. სამწუხაროდ, დღეს დამკვიდრებულია მითი, რომლის დამკვიდრებაშიც იმ ადამიანებს, ვინც ნარკომანიაზე ხელს ითბობდა, შეიძლება დიდი წვლილი აქვთ შეტანილი, თითქოს განკურნებული ნარკომანი არ არსებობს – ასეთი რამ არის ტყუილი. დიახ, საბედნიეროდ, არსებობს წარმატებული შემთხვევები. ყველას მინდა მივულოცო და ვუსურვო წარმატება, ვინც შეძლებს და საკუთარ თავში დაამარცხებს ამას. ძალიან მანკიერი და მავნე მითია, თითქოს განკურნება შეუძლებელია – ეს, რასაკვირველია, მცდარი შეხედულებაა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.