უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი რადას ლეგიტიმურობა აღიარა
უკრაინის მერვე მოწვევის რადა არჩეულია, მის ლეგიტიმურობაზე არ მოქმედებს ის, რომ დონეცკის და ლუგანსკის რიგ ოლქებში ხმის მიცემის პროცედურა არ ჩატარებულა. ამის შესახებ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ანდრი მაგერამ განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ ერთმანდატიან ოლქებში 225-იდან 27 დეპუტატი არჩეული არ არის, რადას ლეგიტიმურობაზე არ იმოქმედებს. 1994 წელს მეორე მოწვევის რადაში 388 დეპუტატი იყო არჩეული და მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია“, – განაცხადა მაგერამ. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ კონსტიტუციით რადა ითვლება ლეგიტიმურად იმ შემთხვევაში, თუ არჩეულია მისი კონსტიტუციური შემადგენლობის (450 დეპუტატის) მინიმუმ 2/3.
მაგერამ ასევე განაცხადა, რომ დიდი აქტივობა იყო საარჩევნო უბნებზე საზღვარგარეთ. ამომრჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა ესპანეთში და პოლონეთში დაფიქსირდა.
რაც შეეხება რუსეთს, იქ 50 000 უკრაინელიდან, რომელსაც ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ხმა მისცა 765 ადამიანმა (1,5 %). საერთო ჯამში, აქტივობამ 52,29 % შეადგინა.