მოსკოვის სასამართლომ გარი კასპაროვს დაუსწრებლად დაკავება შეუფარდა
მოსკოვის სასამართლომ მოჭადრაკესა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გარი კასპაროვს, დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ინფორმაციას რუსული მედია და სამართალდამცავი წყაროები ავრცელებენ.
სასამართლოს გადაწყვეტილება მის ფაქტობრივ დაკავებას არ ნიშნავს, თუმცა გულისხმობს ძებნასა და დაკავების სამართლებრივ სანქციას რუსეთის ტერიტორიაზე.
„სასამართლომ კასპაროვს აღმკვეთი ღონისძიება შეურჩია დაუსწრებლად, პატიმრობის სახით ორი თვის ვადით, რუსეთის ფედერაციაში დაკავების მომენტიდან ან რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადიციის სახით“, – ნათქვამია განცხადებაში.
კასპაროვს ბრალი წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილით (ტერორიზმის საჯაროდ გამართლება საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელების, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით).
იუსტიციის სამინისტრომ კასპაროვი უცხოელი აგენტების სიაში 2022 წლის მაისში დაამატა. იგი წლების განმავლობაში კრემლის პოლიტიკის კრიტიკოსია.