შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა 18 დეკემბერს აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის საერთაშორისო წყლებში გემი დაბომბეს, რომელიც, მათი ინფორმაციით, ნარკოტიკების გადატანაში მონაწილეობდა. ინფორმაციას აშშ-ის სამხრეთ სარდლობა (U.S. Southern Command) ავრცელებს.
სამხრეთ სარდლობის განცხადებით, გემი გადაადგილდებოდა ნარკოტრაფიკისთვის ცნობილ მარშრუტზე და საფრთხეს წარმოადგენდა. სამხედროების ცნობით, ოპერაცია განხორციელდა მიზნობრივი დარტყმით, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ოპერაცია განხორციელდა საერთაშორისო წყლებში და წარმოადგენს ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკაში საზღვაო გზით შემოსული ნარკოტიკების რაოდენობა 94%-ით შემცირდა.