ირაკლი ღარიბაშვილი: საზოგადოება 2 წლის წინ საქართველოს გადასარჩენად გაერთიანდა

ორი წლის წინ, ყველამ ერთად შევცვალეთ ჩვენი ცხოვრება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “რედისონში” მთავრობის საქმიანობის 2 წლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, 2012 წელს საზოგადოება საქართველოს გადასარჩენად დემოკრატიული ღირებულებების გარშემო გაერთიანდა და არჩევანი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა. “ორი წლის წინ ჩვენ, ყველამ ერთად, შევცვალეთ ჩვენი ცხოვრება. არ შემიძლია რამდენიმე სიტყვით არ გაგიზიაროთ ჩემი ემოცია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მომყვება და რომელიც ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. 2012 წელს მე დავინახე ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება, რომელიც გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, გაერთიანდა დემოკრატიული ღირებულებების გარშემო და არჩევანი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა – ქართველმა ხალხმა აირჩია ცხოვრება შიშის გარეშე, აირჩია პერსპექტივა თითოეული ადამიანისთვის, ჩვენი ქვეყნის წინსვლა, განვითარება, კეთილდღეობა და საბოლოოდ უთხრა უარი ძალადობასა და უსამართლობას. 2012-ში მე დავინახე საზოგადოება, რომელიც არაფერში არ გაცვლის, არაფრის ფასად არ დათმობს უმთავრეს ღირებულებებს. სწორედ ამ ღირსეულმა საზოგადოებამ ანდო კოალიცია ,,ბიძინა ივანიშვილი – ქართულ ოცნებას” ქვეყნის მართვის სადავეები და, გარწმუნებთ, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისათვის, ხელისუფლების თითოეული წარმომადგენლისთვის. ეს ნდობა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ჩვენს კოალიციას გამოგვიცხადა მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა და მომავალ ორ არჩევნებზე თავისი მხარდაჭერა საბოლოოდ დაადასტურა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ორივე არჩევნები ჩავატარეთ უპრეცედენტოდ მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში და ამას აღნიშნავდნენ არა მხოლოდ ამომრჩევლები, რომლებიც პირველად აღმოჩნდნენ ასეთ თავისუფალ საარჩევნო გარემოში, არამედ საქართველოს მეგობარი ქვეყნები და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები