პოლონეთის ხელისუფლებამ საშობაო ბაზრობაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შთაგონებული თავდასხმა აღკვეთა
პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურმა საშობაო ბაზრობაზე შესაძლო ტერორისტული თავდასხმის მომზადება აღკვეთა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სპეციალური სამსახურები ავრცელებენ.
ეროვნული პროკურატურის ცნობით, დაკავებულია 19 წლის პოლონეთის მოქალაქე, რომელსაც გამოძიება ეჭვმიტანილად მიიჩნევს მასობრივი ძალადობრივი ქმედების დაგეგმვაში. მას 12 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
სამართალდამცავების განცხადებით, ეჭვმიტანილი რადიკალური ისლამისტური იდეოლოგიით, მათ შორის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდით, იყო შთაგონებული.
პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მტკიცებულებები, რომლებიც თავდასხმის მომზადებაზე მიუთითებს, თუმცა კონკრეტული სამიზნე და დეტალები საჯაროდ არ დასახელებულა. უწყება განმარტავს, რომ ოპერაცია პრევენციული ხასიათის იყო და მოსახლეობას რეალური საფრთხე არ დამუქრებია.
დაკავებულს ბრალი ტერორისტული საქმიანობისთვის მზადებისა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერის მუხლებით წარედგინა. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საშობაო დღესასწაულების პერიოდში მასობრივი თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია და სამართალდამცავები შესაძლო საფრთხეების დროულ გამოვლენაზე მუშაობას აგრძელებენ.