მედია: ბონდის სროლის სავარაუდო მონაწილე კომიდან გამოვიდა

ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქასადმი (ებრაული ფესტივალი) მიძღვნილ ღონისძიებაზე ებრაული თემის წინააღმდეგ სროლა მოხდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.

პოლიციის ცნობით, თავდასხმა ორმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა: 50 წლის საჯიდ აკრამმა და მისმა 24 წლის ვაჟმა, ნავიდ აკრამმა. გავრცელებული ცნობით, საჯიდი ლიცენზირებული ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელი იყო და რეკრეაციული ნადირობის ლიცენზიის მისაღებად საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.

როგორც ცნობილია, სროლაში სავარაუდო მონაწილე ნავიდ აკრამი კომიდან გამოვიდა. მან თავდასხმის დასრულების შემდეგ მძიმე დაზიანებები მიიღო და კვირა დღიდან საავადმყოფოში იმყოფება.

პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის ბრალდებებს წაუყენებენ ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებით. ახალი სამხრეთ უელსის პოლიციამ CNN-ს განუცხადა, რომ ოფიციალურად ბრალდების წაყენებამდე ის გონზე უნდა იყოს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) მიერ იყო შთაგონებული, მას შემდეგ, რაც სავარაუდო დამნაშავეების მანქანაში ორი დროშა იპოვეს.

ამასთან, სიდნეის ისლამურმა ქუჩის ქადაგების ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც დისტანცირებას ითხოვს „ბონდის“ თავდამსხმელი ნავიდ აკრამისგან, მას შემდეგ, რაც იგი იდენტიფიცირებული იქნა, როგორც ჯგუფის მიერ 2019 წელს ონლაინ გამოქვეყნებულ ვიდეოებში მონაწილე. ჯგუფის თქმით, აკრამი იმ დროს 17 წლის იყო და 2019 წლიდან მასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ.

პოლიციის ცნობით, მამა-შვილი სროლამდე ერთი თვით ადრე ფილიპინებშიც იმყოფებოდა და ამ მოგზაურობის მიზნის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ფილიპინების ხელისუფლებამ CNN-ს დაუდასტურა, რომ აკრამები ქვეყანაში ერთად 2025 წლის 1 ნოემბერს ჩავიდნენ, საჯიდმა ინდური პასპორტი გამოიყენა, ხოლო მისმა შვილმა ავსტრალიური პასპორტი.

ახალი სამხრეთ უელსის პრემიერ-მინისტრმა, კრის მინსმა, განაცხადა, რომ „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ავსტრალიაში იარაღის შესახებ ყველაზე მკაცრი კანონები შემოიღოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები