“ილუზია, რაც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით იქმნებოდა, 4 ოქტომბერს, საღამოსვე გაქრა” – გურამ მაჭარაშვილი
“ილუზია, რაც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით იქმნებოდა, 4 ოქტომბერს, საღამოსვე გაქრა. ამბოხის მონაწილე და მეთაურები ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბერს დაიწყებდნენ და დაასრულებდნენ, მართლაც ასე გააკეთეს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამბოხის მცდელობა 4-ში დაიწყო და 4-ში დასრულდა წარუმატებლად.
„საჯარო მოწოდებები ჰქონდათ – აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლეში ყავის დასალევად რომ არ ეპატიჟებოდნენ, ეს იქვე ჩანდა. პრეზიდენტის სასახლის შტურმს აპირებდნენ და რომ მივიდნენ, ამის მცდელობაც ჰქონდათ. ეს მტკიცებულებები გამოძიებაში დევს და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება. ეჭვი არავის ეპარება და ფაქტია, რომ დამხობისა და შტურმის მცდელობა იყო, დანაშაულები სახეზეა. 4 ოქტომბერს იდეა გადატყდა და დამხობის იდეა საბოლოოდ დასამარდა. „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აღიარებენ, რომ დამარცხებული არიან და მათ გადატვირთვა უნდათ. მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.