“აუცილებელია არსებული კურსის ადეკვატური გაგრძელება და ჩვენ ამ კურსის ადეკვატურ გაგრძელებად მიგვაჩნია, რომ ქვეყანა საბოლოოდ გამოვაფხიზლოთ, გამოვაღვიძოთ ევროილუზიიდან” – ვატო შაქარიშვილი

“ჩვენი საგარეო პრიორიტეტები არ უნდა დარჩეს იქ, რაც უკვე დაინგრა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა შეგნებულად მოვაყოლოთ ნანგრევებში და, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ. ამიტომ არის ჩვენი მხრიდან ინიციატივა, რომ სასწრაფოდ გაიხსნას დისკუსია ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.

„ახლა აუცილებელია არსებული კურსის ადეკვატური გაგრძელება და ჩვენ ამ კურსის ადეკვატურ გაგრძელებად მიგვაჩნია, რომ ქვეყანა საბოლოოდ გამოვაფხიზლოთ, გამოვაღვიძოთ ევროილუზიიდან. ამოვიღოთ საქართველოს კონსტიტუციიდან ჩანაწერი, რომელიც ხელს გვიშლის – ეს არის ხელის შემშლელი ფაქტორი იმისთვის, რომ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები მოვიყვანოთ შესაბამისობაში ახალ მსოფლიო წესრიგთან. ახალი მსოფლიო წესრიგი რომ დამყარებულია და ჩვენს თვალწინ ეს გაფორმდა, ამის ნათელი დადასტურებაა აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგია. მასში აღიარებულია, რომ დასრულდა ცივი ომის შემდგომი პერიოდი, სადაც ამერიკას გააჩნდა ჰეგემონია. ეს ასე ვეღარ იქნება. ეს უკვე სადავო საკითხი აღარ არის. ამიტომ, ჩვენი საგარეო პრიორიტეტები არ უნდა დარჩეს იქ, რაც უკვე დაინგრა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა შეგნებულად მოვაყოლოთ ნანგრევებში და ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. ამიტომ არის ჩვენი მხრიდან ინიციატივა, რომ სასწრაფოდ გაიხსნას დისკუსია ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, სასწრაფოდ გადაიდგას ნაბიჯები, რომ გამოვიდეთ ამ პარადოქსული მოცემულობიდან – საკონსტიტუციო ჩანაწერი მაქვს მხედველობაში და ჩვენი საგარეო პრიორიტეტები მოვიყვანოთ შესაბამისობაში ახალ მსოფლიო რეალობასთან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუ არ გავაკეთებთ, გადავდგამთ ამ ნაბიჯს თუ არ გადავდგამთ, ჩვენგან დამოუკიდებლად ეს პროცესები მაინც განვითარდება. თუ ჩვენ გარეშე განვითარდება, ჩვენ დავკარგავთ რეალურ შანსს იმისა, რომ ამ ფორმირების პროცესში გვქონდეს ადექვატური პოზიცია, გვქონდეს კონკრეტული ხედვა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით, რამაც უნდა მოგვაპოვებინოს ჩვენი ღირსეული ადგილი ამ ახალ მსოფლიო წესრიგში. ჩვენ ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს“, – თქვა შაქარიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები