ირაკლი ჭეიშვილი – პრემიერის აშხაბადში ვიზიტზე: პრემიერმა კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს გააგონა ქართველი ხალხის ხმა
“პრემიერმა კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს გააგონა ქართველი ხალხის ხმა,“- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშხაბადში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო თავის ეროვნულ პოლიტიკას ატარებს.
„კონკრეტულ ვიზიტთან დაკავშირებით და იქ რომ ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა კონფერენციას, კი ვნახე ქვეყნის მტრების შეფასება. ანუ, რა გამოდის, თუ ევროკავშირში მივდივართ აღმოსავლეთის ქვეყნებს არ უნდა ვესაუბროთ? თუ აღმოსავლეთისკენ არ უნდა გავიხედოთ? შუა აზიის ქვეყნების ყველა ლიდერს შეხვდა დონალდ ტრამპი აბსოლუტურად და ჩინეთის პირველ პირს უმასპინძლა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა. რა გამოდის, იმათთვის თუ შეიძლება რომ ამ ქვეყნების ლიდერებთან ჰქონდეთ ურთიერთობა, სტრატეგიული, მეგობრული თუ ყოველ შემთხვევაში სამომავლო ურთიერთობების დათბობაზე შეუძლიათ საუბარი, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია კონფერენციაში მონაწილეობა მივიღოთ? რუსეთს აქვს თავისი პოლიტიკა, ჩვენ ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას ვატარებთ.
რა გამოდის, პუტინი რომ გაეროში გამოვიდეს სიტყვით, იქ ჩვენ გავიქცეთ იმ ტრიბუნიდან? მაინტერესებს, პუტინი რომ ჩავიდეს გაეროში, პრემიერი აღარ გამოვიდეს იმ ტრიბუნაზე? ოპოზიციის მოსაწონს „ქართული ოცნება“ ვერ და არ გააკეთებს, ეს არის გამორიცხული. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მტრების შეფასებებზე კომენტარებით თავს აღარ შევიწუხებ“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.