WIPO-ს წარმომადგენელმა საქპატენტის სასწავლო ცენტრის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის აკადემიური ინსტიტუტებისა და აღმასრულებელი პროგრამების ხელმძღვანელმა ვიქტორ ოვადემ ქუთაისში საქპატენტის სწავლებისა და გადამზადების ცენტრის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა სტუმარს სასწავლო ცენტრის გადატანასთან დაკავშირებული სამუშაოების დეტალები გააცნო.
“საქპატენტის სასწავლო ცენტრი განთავსდება ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, იქ სადაც, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდგომ, სასწავლო ცენტრი გააერთიანებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გავრცელებასთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებას და აღიჭურვება თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით.
საქპატენტის სასწავლო ცენტრი 2015 წელს დაფუძნდა საქართველოს მთავრობასა და WIPO-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. ცენტრმა, WIPO-ს აკადემიისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩამოაყალიბა ინტელექტუალური საკუთრების განათლების მრავალდონიანი სისტემა, რომელიც მოიცავს გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო კურსს, ინტელექტუალური საკუთრების საზაფხულო სკოლას, ზოგად ონლაინ კურსს DL101GE-სა და სხვა თემატურ ტრენინგებს. სასწავლო აქტივობების წლიური რაოდენობა 30-40-ს აღწევს და ასეულობით მონაწილეს აერთიანებს. სასწავლო ცენტრის ქუთაისში გადატანა სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, რადგან ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ერთ სივრცეში სწავლების, კვლევისა და ღონისძიებების სრულ ციკლს.
WIPO-ს აკადემიის წარმომადგენელი ვიქტორ ოვადე, ვიზიტის ფარგლებში, უკვე ეწვია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU), სადაც, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძესთან და KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, განიხილა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის – „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ – მიმდინარეობა და მისი შემდგომი განვითარების სტრატეგიები.
ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სასწავლო ცენტრი, არსებითად, გააძლიერებს საქართველოს ინოვაციურ ეკოსისტემას და განამტკიცებს ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონული საგანმანათლებლო და კვლევით ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით”, – აღნიშნულია საქპატენტის ინფორმაციაში.