პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში ლიცენზირებული ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა საწარმო დააფუძნეს, გახსნეს საბანკო ანგარიშები და უნაღდო საბარათე გადახდების განსახორციელებლად, ბანკისგან მოითხოვეს და სარგებლობაში მიიღეს პოს ტერმინალი.
წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2024 წელს, საწარმოს პოს ტერმინალზე, ბრალდებულებმა მათ სარგებლობაში არსებული ქართული და უცხოური ბანკების ბარათებით, საქონლის შესყიდვის მრავალჯერადი, ფიქტიური გადახდები განახორციელეს და ბარათებიდან ჩამოჭრილი და კომპანიის ანგარიშზე ასახული თანხები, სრულად გადარიცხეს ერთ-ერთი ბრალდებულის პირად საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულის პარალელურად, კომპანიის ანგარიშზე ნაშთის არარსებობის პირობებში, მათ გააუქმეს ბარათებიდან თანხის ჩამოჭრის ოპერაციები, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ ბანკის კუთვნილ 287 211 ლარს.
შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, ბანკისგან მოტყუებით დაუფლებული და ბრალდებულის პირად საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხები, დანაწევრებით გადატანილი იქნა ბრალდებულების კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რომელთა ნაწილი მიმართული იქნა კრიპტოვალუტის შესაძენად, ხოლო ნაწილი განაღდდა და განაწილდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის.
საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირის ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს მოიცავს, რაც ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის მიზნით.