ირაკლი კობახიძე – 150 კაცის გამოსვლა არ არის ქართველი ხალხისა და საზოგადოების პროტესტი, ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას პროტესტი აქვს, სწორედ, იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს 4 მლნ ადამიანზე
ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას პროტესტი აქვს, სწორედ, იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს 4 მლნ ადამიანზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რომელიც 4 ოქტომბრის აქციას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა მონაწილეობა მიიღეს დამხობის აქციაში და მხოლოდ მაშინ გაემიჯნენ დამხობის ორგანიზატორებს, როდესაც ეს გეგმა ჩავარდა.
„ეს იყო დამხობის ღია მცდელობა, პირდაპირ ასე ერქვა 4 ოქტომბერს ჩატარებულ აქციას. დამხობის აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ა.შ. ადამიანებმა პირდაპირ მიიღეს მონაწილეობა დამხობის აქციაში და მხოლოდ მაშინ გაემიჯნენ დამხობის ორგანიზატორებს, როდესაც დამხობა ჩავარდა. საზოგადოებამ დაინახა ყველაფერი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საზოგადოების ნდობა ამ ადამიანებს არ აქვთ. 150 კაცის გამოსვლა არ არის პროტესტი, ეს არ არის ქართველი ხალხისა და საზოგადოების პროტესტი. ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას პროტესტი აქვს, სწორედ, იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს 4 მლნ ადამიანზე, ამის მიმართ აქვს პროტესტი ქართველ ხალხს,”- განაცხადა პრემიერმა.