სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის ფარგლებში, საქპატენტის სათავო ოფისში ტრენინგი გაიმართა

სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის ფარგლებში, მცხეთაში, საქპატენტის სათავო ოფისში ორეტაპიანი ტრენინგი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო თანამშრომლებისთვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული უცხოური ენების ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესებისა და სალიტერატურო ენის განახლებული ნორმების გაცნობა.

სასწავლო ღონისძიება ჩატარდა საქპატენტისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო საქპატენტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის 15-მდე თანამშრომელმა. ტრენინგს უძღვებოდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსი, თსუ-ს თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი თინათინ ბოლქვაძე.

ტრენინგზე მონაწილეებმა მიიღეს ვრცელი ინფორმაცია უცხოური ენების ბგერითი სისტემების ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის ძირითად პრინციპებსა და კრიტერიუმებზე. დეტალურად განიხილეს გაეროსა და ევროკავშირის სამუშაო ენათა ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები, უცხოური საკუთარი სახელების ქართულად ჩაწერის თავისებურებები, სალიტერატურო ენის განახლებული ნორმები და ოფიციალური დოკუმენტების მომზადების სტილისტური სტანდარტები. ასევე, მიმოიხილეს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტები: საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“ და საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“. ყურადღება გამახვილდა, აგრეთვე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ნორმებსა და სტანდარტიზაციის პროცესზე. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ როგორც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში გამოყენებული დარგობრივი ტერმინების, ისე საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების უცხოურ ენებზე თარგმნის პრინციპებს.

ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნა უწყების თანამშრომლებს შესაძლებლობას მისცემს საქმისწარმოების პროცესში დაიცვან ენობრივი ნორმები და უზრუნველყონ სახელმწიფო ენის სწორად გამოყენება.

საქპატენტი მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან და მსგავს ინიციატივებს სისტემატურად განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები