კახა კალაძე: ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაა
ჯერ კიდევ 2012 წელს პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა ზრუნვა, ზრუნვა ადამიანებზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, თბილისში მცხოვრებ 762 ოჯახს მივულოცო ახალმოსახლეობა და გავიზიარო მათი დიდი სიხარული. ძალიან ემოციურია ეს დღე, რადგან საუბარია ოჯახებზე, რომლებმაც გამოსცადეს ომის უბედურება და დიდი ტკივილი. გახსოვთ ალბათ, როგორი დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდა წინა ხელისუფლებას დევნილთა მიმართ, როგორი მდგომარეობა იყო ბინების მშენებლობის, დაკანონების მხრივ. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“. მადლობა პრემიერ-მინისტრს იმ დამოკიდებულებისთვის, რასაც ვიჩენთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისადმი. მადლობა ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს გაწეული შრომისთვის, მადლობა კომპანია „ანაგს“ ამ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ახალმოსახლეებს წარმატებები და ბედნიერი ცხოვრება უსურვა.
„დღეს 762 დევნილი ოჯახისთვის ცხოვრების ახალი, ბედნიერი ეტაპი იწყება. მათ თვალჭრელიძის ქუჩაზე ახალაშენებულ თანამედროვე სტანდარტის მქონე 4 საცხოვრებელ კომპლექსში სრულად გარემონტებული, ახალი ბინები გადაეცემათ. საბოლოოდ კი აქ აშენდება კიდევ 7 კორპუსი და ჯამში, 2 426 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. ასევე, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ტერიტორია სრულად მოწესრიგდება, საცხოვრებელ კომპლექსის ეზოში მოეწყობა სტადიონები, ბავშვთა გასართობი მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აქ მცხოვრებთათვის, ისე მთლიანად ქალაქისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.