აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება.
ამჯერად, რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს ვიზიტორები პოლონეთსა და უზბეკეთში ტურისტულ გამოფენებზე გაეცნენ.
გამოფენების ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სტენდთან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში მოგზაურობასთან და რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებთან დაკავშირებით, ასევე ქართული ღვინო და ჩურჩხელა დაეგემოვნებინათ.
გამოფენების ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ ტურისტული კომპანიების, ასოციაციების, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და აჭარაში მედიატურების ორგანიზების საკითხები განიხილეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აჭარის პოპულარიზაცია მნიშვნელოვან პლატფორმებზე მოხდა.
„მიმდინარე წელს, ჩვენი რეგიონი და ქვეყანა 28 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გვქონდა წარმოდგენილი, რაც აუცილებელია ჩვენი რეგიონის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და პოზიციონირების მიმართულებით. ისეთ მნიშვნელოვან პლატფორმებზე გავუწიეთ აჭარას პოპულარიზაცია, როგორიცაა ბერლინის, ლონდონის, ბარსელონას, ნიუ-იორკის, მადრიდის, დუბაის, ფრანქფურტის გამოფენები. გარდა ამისა, რეგიონში ვუმასპინძლეთ 350-მდე ინფლუენსერს, კონტენტ-კრეატორს, ტურისტული სააგენტოსა და მედიის წარმომადგენელს სხვადასხვა ქვეყნიდან,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.