ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაცია იუსტიციის სახლის პრესსამსახური ავრცელებს.
დოკუმენტს ხელი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის სამიზნე ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესის ხელმისაწვდომობისა და პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა, რაც იუსტიციის სახლის სასწავლო სივრცეების გამოყენებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და იუსტიციის სახლს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის არაერთი წარმატებული გამოცდილება უკვე არსებობს. ახალი მემორანდუმი აღნიშნული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.