პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 2 დეკემბერს, ბრალდებულები მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდნენ და თავს დაესხნენ დაზარალებულს, რომელსაც ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და მუქარით თანხის და ძვირფასეულობის გადაცემა მოსთხოვეს.
სამართალდამცავებმა ბრალდებულები 3 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.