თბილისის საქალაქო სასამართლოში კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებულის, ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებულის, „დროას” ლიდერ ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესზე ხოშტარია არ მონაწილეობს.
სახელმწიფო ბრალდებას დღეს დასაკითხად 3 გამომძიებელი ჰყავს წარმოდგენილი.
ცნობისთვის, საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
პოლიტიკოსმა გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.