სამართალდამცველებმა 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ჰ.დ.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, ბავშვის ხელოვნური საკვების თუნუქის ქილებში მალულად მოთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს,

მათ შორის: 760 გრამზე მეტი „მდმა“, 762 გრამი „კლეფედრონი“ და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები